Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ შეშფოთებულია ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან საზღვრის გავლებით

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან საზღვრის გავლების პროცესით და მოუწოდებს რუსეთს მოხსნას ეს ბარიერები. 

„ძალზე შეშფოთებულნი ვართ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან საზღვრის გავლების პროცესით, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ „სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით“ 20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

„სოფლებთან, დიცსა და ხურვალეთთან საზღვრის აღმართვის პროცესი ინტენსიური გახდა. საზღვარი უფრო მეტად აშორებს ოჯახებსა და მეზობლებს და შესამჩნევად უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ეკლიანი მავთულის ორივე მხარეს. ადგილობრივ მოსახლეობას ეჭრება გზა ნაკვეთებისკენ. ბავშვებს სასკოლო მეცადინეობაში ეშლებათ ხელი. შეუძლებელი ხდება სასაფლაოებზე მოხვედრა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას ბარიერები იმ პირობების შესაბამისად, რომელთა შესრულება მან 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ითავა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოწოდება გაგრძელდება აქ, საქართველოში და საერთაშორისო სარბიელზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიისას“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.

ამასთან, აშშ მიესალმება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს მთავრობის „მშვიდობიან მიდგომას“ და მოუწოდებს „ყველა მხარეს, ჩაერთონ აზრიან დიალოგში ვითარებიდან გამოსავლის საპოვნელად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button