skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: პრემიერ–მინისტრის განცხადებამ ევრაზიულ კავშირზე ქართული პოლიტიკის ‘მთავარი ტაბუ დაარღვია’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 12 სექტემბერს, რომ პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის „მთავარი ტაბუ დაარღვია“, როდესაც განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევრაზიულ კავშირს აკვირდება და სწავლობს.

თბილისში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე გამოსვლისას, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს პრო–დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი არც ერთ ძირითად პოლიტიკურ ძალას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, მაგრამ ახლა „სამწუხაროდ“ ეს საკითხი კვლავ გახდა პოლიტიკური დებატების საგანი.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დრომდე, მთავრობა „ფორმალურად“ ინარჩუნებდა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკას.

„ყოველივე ეს ბოლო ხანებში შეიცვალა. რამდენიმე დღის წინ პრემიერ–მინისტრმა საჯაროდ გაიმეორა, რომ ევრაზიული კავშირი, რომელიც… არის საბჭოთა კავშირის ახალი ფორმა და პუტინისა და მისი გარემოცვის შექმნილია, რათა უკან დახიონ ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით ჩვენს რეგიონში მიღწეული პროგრესი, არის საკითხი, რომელიც თურმე ჩვენი ქვეყნისთვის არის შესასწავლი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა დაარღვია ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ – ეს მისი აბსოლუტური უფლება იყო, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის. მაგრამ ახლა როდესაც ეს ტაბუ დარღვეულია და ეს საკითხი ისევ დებატების საგანია – უნდა წავიდეს საქართველო დასავლეთში, თუ უნდა წავიდეს საქართველო ჩრდილოეთში… მთავარი ისაა გავიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, რას ნიშნავს ეს დებატი ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არავის უნდა მისცეს უფლება, რომ ქვეყანა „ქვესკნელში და სიბნელეში“ დააბრუნოს ევროპის ნაცვლად ევრაზიულ კავშირზე არჩევანის გაკეთებით. „ჩვენ ვიქნებით ევროპაში, ოღონდ ხმა უნდა ამოვიღოთ", – განაცხადა მან.

ამავე საკითხზე გაამახვილა ყურადღება ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 11 სექტემბერს ზუგდიდში კამპანიის აქციაზე გამოსვლისას. ბაქრაძემ უთხრა მხარდამჭერებს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევას გულისხმობს.

„ეს არჩევნები საქართველოში, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, არის არა უბრალოდ არჩევანი კანდიდატებს შორის  – ეს არის განაცხადი ჩვენი ქვეყნისა მთელი მსოფლიოს წინაშე  – რა გვინდა, რა გზას ვადგავართ, მზად ვართ თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის. მზად ვართ თუ არა ვიაროთ ცივილიზებული მსოფლიოსაკენ, რათა დავიმკვიდროთ ჩვენი ღირსეული და კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში. თუ დავიღალეთ? პრობლემებმა იმდენად დაგვქანცა, რომ მზად ვართ, დავუბრუნდეთ წარსულს? ისევ თავი დავუხაროთ დიდ მეზობელს? სინამდვილეში რა არის ჩვენი არჩევანი – წინსვლის გაგრძელება თუ უკან დაბრუნება?“ – განაცხადა ბაქრაძემ.

„საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ სწავლობს ევრაზიულ კავშირში შესვლის პერსპექტივას და თუ ეს საქართველოსთვის კარგი იქნება  – ‘რატომაც არა’ მე მინდა ვუთხრა მათ – ოკუპანტთან მორჩილებას  შესწავლა არ ჭირდება. ოკუპანტთან დაბრუნებას არ აქვს პლუსები და მინუსები“, – განაცხადა მან.

„დიახ, მე მინდა ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან, მაგრამ ასევე ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს ურთიერთობა არ გაუმჯობესდება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე,“ – განაგრძო მან, „მე ვიცი, როგორი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი რუსეთთან – კონსტრუქციული, მშვიდი, მაგრამ ამავე დროს, უკიდურესად პრინციპული, კრიტიკული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული. და ნებისმიერი სხვა ფორმა – თავის დახრა, კრიტიკაზე უარის თქმა, პირფერობა – ყველაფერი მხოლოდ საპირისპირო შედეგამდე მიგვიყვანს“.

ზუგდიდში გამოსვლისას ბაქრაძემ ორ საპრეზიდენტო კანდიდატს – გიორგი მარგველაშვილს ქართული ოცნებიდან და ნინო ბურჯანაძეს შეუტია; მისი თქმით, მარგველაშვილი „ნაბიჯ–ნაბიჯ“ დააბრუნებს ქვეყანას რუსეთის კონტროლქვეშ, ხოლო ბურჯანაძე ამას „ერთბაშად“ გააკეთებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button