ახალი ამბები

სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 სექტემბერს ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, სალომე ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობის გამო უარი უთხრა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ზურაბიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივად უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს არა აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, დღეს კიდევ ერთხელ სასამართლო მსჯელობს პოლიტიკურად და პოლიტიკურად უზღუდავს ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული შანსები, რომ გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი“, – განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს კონსტიტუცია  ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტობას უკრძალავს.

თუმცა, ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთის და საქართველოს მოქალაქეა და 2004–2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, აცხადებს, რომ მართალია კონსტიტუცია უკრძალავს მას პრეზიდენტობას, მაგრამ კანონმდებლობა არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეების მქონე პირებს კანდიდატად რეგისტრაციას. მისი თქმით, არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის.

გარდა ზურაბიშვილისა, კიდევ ორ პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატს ეთქვა უარი რეგისტრაციაზე ასევე ორმაგი მოქალაქეობის საფუძველზე. მათგან ერთ–ერთმა, რომელსაც საქართველოს და ჰოლანდიის მოქალაქეობა აქვს, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქმე წააგო.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აცხადებს, რომ ცესკოს მიერ კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ზურაბიშვილის ინტერესებს იცავს სასამართლოში, ასევე საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო აცხადებენ, რომ კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტად იყარონ კენჭი.

გასულ კვირას, ზურაბიშვილმა, რომელმაც 2010 წელს განაცხადა, რომ დროებით ტოვებდა ქართულ პოლიტიკას გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც ზურაბიშვილმა მას საჯარო პოზიციის გამოხატვა თხოვა საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

29 აგვისტოს გამოქვეყნებულ საპასუხო წერილში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ვერ გადაწყვეტს რაიმე გამონაკლისის დაშვებას და ვერ ჩაერევა სასამართლოს ან საარჩევნო კომისიების კომპეტენციაში შემავალი საკითხის გადაწყვეტაში.

„მესმის თქვენი შეშფოთება იმის გამო რომ გავრცელებული არაოფიციალური შეფასებებისა და ცესკოსა და სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით არსებობს სამართლებრივი ხასიათის კითხვები არჩევნებში თქვენი მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე, მაგრამ მე ვერ და არ ვიქნები სამართლის უმაღლესი ინსტანცია“, – მიმართა ივანიშვილმა ზურაბიშვილს ღია წერილში, სადაც მას თავისი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლისკენ, ხოლო  შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ „მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციით, კანონებით და საკუთარი შინაგანი რწმენით“.

მოგვიანებით, 4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „სამწუხაროა, რომ ვერ დარეგისტრირდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ისიც სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ცდილობს აქცენტები გადმოიტანოს ჩვენზე, ხელისუფლებაზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button