ახალი ამბები

ბენილუქსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის მხარდაჭერას პირდებიან

ბენილუქსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომელთაც თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართეს, კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე და საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის მინისტრი დიდიე რეინდერსი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს ტიმერმანსი და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს  ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრი ჟან ასელბორნი, რომლებიც თბილისში ჩამოსვლამდე მოლდოვას სტუმრობდნენ, 5 სექტემბერს ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს, პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს შეხვდნენ.

„როგორც ბენილუქსის ქვეყნები, ჩვენ გვინდა საქართველოს პარტნიორები ვიყოთ მომავლისკენ მისი გზების მოძიების თვალსაზრისით, ასევე ქართველი ხალხისთვის მეტი სამუშაო ადგილების შექმნის, ქართული ეკონომიკის მეტი ზრდის, საქართველოში მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფის გზების მოძიების თვალსაზრისით“, – განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა თავის ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ეჭვგარეშეა, რომ ამის მისაღწევად, საქართველო ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობებს აირჩევს და ამ პროცესში გვინდა, რომ თქვენი პარტნიორი ვიყოთ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით, როგორც ევროპელები, რათა დაგეხმაროთ, არა იმისათვის, რომ გითხრათ, თუ რა უნდა გააკეთოთ, არამედ დაგეხმაროთ, რომ მეტი დემოკრატია დაამყაროთ და დემოკრატიის სტაბილიზაცია მოახდინოთ ამ ქვეყანაში. საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება ოქტომბერში; 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია“, – განაცხადა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს  ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა ჟან ასელბორნმა და დასძინა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე: „ჩვენ აქ ვიმყოფებით, როგორც საქართველოს მეგობრები და ვცდილობთ თქვენს გვერდით ვიყოთ იმ რთულ ვითარებაში, რომელშიც თქვენ იმყოფებით… და ასევე გითხრათ, რომ გაზარდოთ ურთიერთობები თქვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთან“.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ პროცესს და საქართველოს გადაწყვეტილებას უფრო ახლო იყოს ევროკავშირთან და გახდეს ნატოს წევრი“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბენილუქსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილა, კერძოდ, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივები.

„მხარეებმა ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში დაწყებული დემოკრატიული რეფორმები კვლავაც გაგრძელდეს. საუბრის ერთ-ერთი მთვარი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიც იყო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მხარდაჭერისთვის და უთხრა მათ, რომ „საქართველოში პირველად, ევროპული ტიპის არჩევნები ჩატარდება, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი კოჰაბიტაციის პროცესი დასრულდება“.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „მიუხედავად მეზობელი ქვეყნის მხრიდან გატარებული მავთულხლართების პოლიტიკისა, საქართველო რუსეთთან მიმართებაში თანმიმდევრული, პრინციპული და კონსტრუქციული უნდა იყოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button