Placeholder canvas
ახალი ამბები

პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება 2013 წელს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს ბიუჯეტიდან სულ 14 კვალიფიციური პარტია ფინანსდება 6 102 686  ლარით, საიდანაც 2 170 020 ლარი ქართული ოცნების კოალიციაში შემავალ პარტიებზე ნაწილდება, ხოლო ნაციონალური მოძრაობის საბიუჯეტო დაფინანსება 2 030 905 ლარს შეადგენს.

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები ანუ ის პარტიები, რომლებიც ცალკე ან ბლოკში შემავალ პარტნიორ პარტიებთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი ან უკანასკნელ ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი შედეგი მაინც მიიღეს.

ყოველწლიურ დაფინანსებას პარტიები ბიუჯეტიდან ორი წყაროდან იღებენ. ერთია საბაზისო დაფინანსება და მიღებული მანდატებისა და ხმების მიხედვით ცესკოს მეშვეობით მისაღები სახელმწიფო დაფინანსება, ხოლო მეორე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის გავლით მისაღები დაფინანსება ისეთი მიზნობრივი ღონისძიებებისთვის, როგორიცაა კვლევები, კონფერენციები, რეგიონული პროექტები, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტები.

ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წელს ცესკოსგან პარტიები სულ 4 881 997 ლარს, ხოლო საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან (შემდგომში ცენტრი)1 220 689 ლარს მიიღებენ.

14 პარტიიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი ექვსი პარტია და ნაციონალური მოძრაობა იღებს. დანარჩენი შვიდი პარტია, რომლებიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდნენ, დაფინანსებას 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით იღებენ.

კოალიცია ქართული ოცნება 2013 წელს ცესკოსგან 1 877 058 ლარს, ხოლო ცენტრისგან 292 962 ლარს მიიღებს, რაც ჯამში 2 170 020 ლარს შეადგენს და კოალიციაში შემავალ პარტიებზე ასე ნაწილდება: ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 463 670 ლარი (ცესკოსგან მისაღები -414 843 ლარი; ცენტრისგან  – 48 827 ლარი); დანარჩენი ხუთი პარტია  – ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია და მრეწველები – თითოეული იღებს თანაბარ წლიურ დაფინანსებას 341 270 ლარის ოდენობით (ცესკოსგან მისაღები -292 443 ლარი; ცენტრისგან  – 48 827 ლარი).

ნაციონალური მოძრაობის მთლიანი საბიუჯეტო დაფინანსება 2013 წელს 2 030 905 ლარს შეადგენს, საიდანაც პარტია ცესკოსგან იღებს 1 737 940 ლარს, ხოლო ცენტრიდან  – 292 965 ლარს.

დანარჩენი პარტიები, რომლებიც 2013 წელს საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, არიან: 

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – 318 890 ლარი; ევროპელი დემოკრატები – 326 150 ლარი; ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია – 318 890 ლარი. სამივე ეს პარტია ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული ადგილობრივ არჩევნებზე.

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის და ხალხის პარტია თითოეული იღებს
255 281 ლარს. ეს პარტიები ერთ ბლოკში იყვნენ ადგილობრივ არჩევნებზე. ამასთან, ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი დეპუტატია ქართული ოცნებიდან, თუმცა მისი პარტია მმართველი კოალიციის წევრი არ არის.

ახალი მემარჯვენეები 220 313 ლარს იღებენ, ხოლო საქართველოს გზა – 206 943 ლარს. ორივე ეს პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ და რესპუბლიკელებთან ერთად ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button