skip to content
ახალი ამბები

უმაღლესი განათლების შესახებ შეცვლილი კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა 12 ივლისს 90 ხმით 8-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი აღარ დანიშნავს და მას უნივერსიტეტის პროფესურა თავად აირჩევს. 

პრემიერ-მინისტრის მიერ დროებითი მმართველის შესაძლო დანიშვნის საკითხს, რაც კანონპროეტის თავდაპირველ რედაქციაში იყო გათვალისწინებული, ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა ზოგიერთი უნივერსიტეტის აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, ასევე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელთა თქმითაც, ეს უნივერსიტეტის ავტონომიურობას მნიშვნელოვნად შეზღუდავდა. ამ დებულების წინააღმდეგ ქართული ოცნების ზოგიერთმა წევრმაც მისცა ხმა 12 ივნისს კანონპროეტის პირველი მოსმენით მიღების დროს.

საბოლოო ჯამში, ეს დებულება შეიცვალა ერთი თვის განმავლობაში დაინტერესებულ ჯგუფებთან მიმდინარე კონსულტაციების შედეგად.

განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ 12 ივლისს საპარლამენტო განხილვების დროს შეცვლილი რედაქცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, „რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვისაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უჭირავს აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა და ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს“.

"საარჩევნო კოლეგია" გაცილებით უფრო წარმომადგენლობითი ერთობაა, ვიდრე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომელიც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, რექტორის გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს მანამ, სანამ ახალი რექტორს აირჩევდეს.

კანონპროექტის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს დებულება, რომლის მიხედვითაც, რექტორისა და დეკანის თანამდებობის დაკავება არ შეეძლება პირს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი არ აქვს.

თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილემ, დააზუსტა ეს საკვალიფიკაციო მოთხოვნა ეხება მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს და არ გავრცელდება კერძო უნივერსიტეტებზე, ასევე სამხედრო-საზღვაო და უმაღლეს სახელოვნებო დაწესებულებებზე.

რექტორს აკადემიური ხარისხი უკვე სამი წელია აღარ მოეთხოვება მას შემდე, რაც  შესაბამისი ცვლილებები 2010 წლის ივლისში შევიდა კანონმდებლობაში. ეს ცვლილებები წინ უსწრებდა იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის არჩევას, რასაც მაშინ ოპონენტები პოლიტიკურ ნაბიჯად განიხილავდნენ. კვიტაშვილი, რომელსაც აკადემიური ხარისხი არ აქვს, ივნისში უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების ინიცირებასთან დაკავშირებით გადადგა რექტორის თანამდებობიდან, თუმცა აგვისტომდე, ვიდრე ახალი რექტორი აირჩევა, ის მოვალეობის შემსრულებლად დატოვა თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ.

დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან საპარლამენტო განხილვების დროს მიესალმნენ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ მმართველი კოალიცია ქართული ოცნების მიერ თავდაპირველად შეთავაზებული წინადადების შეცვლას და ასევე განაცხადეს, რომ ეთანხმებინ დებულებას, რომლის მიხედვითაც რექტორს აკადემიური ხარისხი უნდა მოეთხოვებოდეს. თუმცა ასევე განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან კანონპროექტის სხვა დებულებებს, მათ შორის იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, დოქტორანტები ვეღარ შეძლებენ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავებას.

This post is also available in: English Русский

Back to top button