ივანიშვილი: რუსეთისგან გადამწყვეტ ნაბიჯებს არ ველოდები
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის რუსეთისგან არც მკვეთრ და გადამწყვეტ ნაბიჯებს და არც "სასწაულს" არ ელის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება სწრაფად; მისი თქმით, თუ პროცესების „ფორსირება არ მოხდა პოლიტიკური გზით“, ამ საკითხის მოგვარების გასაღები, საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობაში რჩება.
რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას 3 ივლისს გამართულ ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა აღნიშნა ის კონკრეტული "პოზიტიური" ნაბიჯები, რომელიც ნაწილობრივ უკვე გადაიდგა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების კუთხით და ასევე იგეგმება ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაიოლების მიმართულებით.
თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა იმ „შემაშფოთებელ“ პროცესებს, რასაც ადგილი აქვს სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გამყოფი ბარიერების აღმართვის კუთხით, რასაც მისი თქმით, საქართველო "ისტერიკის" გარეშე, შესაბამისად პასუხობს საერთაშორისო თანამეგობრობის საქმის კურსში ჩაყენებით.
„მომავალშიც იქნება ჩემი აზრით ასეთი კაზუსები ურთიერთობებში, მაგრამ მთავარია სტრატეგია არ დავარღვიოთ“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „მოთმინებით, მტკიცედ, პრინციპულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ და დავალაგებთ ჩვენ დიდ მეზობელთან ურთიერთობებს“.
ამ კონტექსტში მან ახსენა, როგორც თავად აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „მინიშნებები“, რომელიც მან სახელმწიფო ინგლისურენოვან ტელეკომპანია Russia Today–ისთან ინტერვიუში გააკეთა.
ამ ინტერვიუში პუტინმა 11 ივნისს განაცხადა, რომ ერთი მხრივ, რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილების შეცვლა, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი „წითელ ხაზს“ წარმოადგენს და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს „იმ ადამიანთა ინტერესების პატივისცემის საფუძველზე, რომლებიც ცხოვრობენ მთელ ამ ტერიტორიაზე“.
„ერთ ტერიტორიად მოიხსენიებდა თავის გამოსვლაში საქართველო და მინიშნება იყო ჩვენს ძმებზე აფხაზებსა და ოსებზე, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ და ჩვენი გადასაწყვეტია ეს პრობლემები და აბსოლუტურად კარგად გავიგე მე ეს მინიშნები და აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა „მარტო რუსეთის გადასაწყვეტი“ არ არის.
„რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს დიდი როლი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია და შეიძლება უფრო მეტად მნიშვნელოვანიც არის ის, რომ ჩვენ არა ტერიტორიებზე ვიფიქროთ და ტერიტორიების დაბრუნებაზე, არამედ ადამიანებზე ვიფიქროთ უფრო მეტი. და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, დავარწმუნოთ ჩვენი ძმები ოსები და აფხაზები, რომ ჩვენი თანაცხოვრება არის უფრო საინტერესო, ვიდრე ის რაც ხდება დღეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„თუ არ მოხდა ფორსირება პოლიტიკურის გზით და დაჩქარება ამ პროცესების, რასაც ჰქვია ჩვენი გაერთიანება და დაბრუნება ჩვენი ტერიტორიების, კლასიკური გასაღები ამის დევს ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა მან დაკონკრეტების გარეშე, თუ რას გულისხმობდა პოლიტიკურ ფორსირებაში, „ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ საინტერესო საცხოვრებლად ჯერ ჩვენთვის, მერე ჩვენი ოსებისთვის და აფხაზებისთვის და ეს იქნება გადამწყვეტი პროცესი და აუცილებლად მოხდება ეს დროში და აუცილებლად ჩვენ მოვახერხებთ ერთად ცხოვრებას, რომელსაც ვახერხებდით საუკუნეების განმავლობაში“.
„გადამწყვეტ ნაბიჯებს და ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს რუსეთიდან მე არც ველოდები და არც ვთხოვ, რამეთუ კარგად ვაანალიზებ და კარგად ვხედავ რეალობას და მე მხოლოდ რეალობიდან მინდა რომ გამოვდიოდე“, – განაცხადა მან და იქვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთიც უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ სეპარატისტული ტერიტორიები არ არის „საინტერესო“ მისი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვისაც.
პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა „მშვიდობიანად ჩატარდეს“.
„ჩვენი მხრივ უსაფრთხოებას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს“, – განაცხადა მან.
პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ასევე ისაუბრა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ ამ საკითხში „ძალიან დიდ როლს თამაშობს პოლიტიკა“, საქართველოს მთავრობა „ძალიან ფრთხილობს“.
მისი თქმით, ამ მხრივ რიგი საკითხები გასარკვევია და არსებობს კითხვები პროექტით დაინტერესებულ ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთთან და „ჩვენ ძმებ აფხაზებთან“, რომლებთანაც „ვახერხებთ… სახალხო დიპლომატიის მეშვეობის ინფორმაციის გაცვლას“.
„ეს პროცესი უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც ეს არ გამოიწვევს ზედმეტ ვნებათაღელვას. ზედმეტად პოლიტიზირებულია ეს საკითხი დღეს, საუბედუროდ, და ამიტომაც ფერხდება და ამიტომაც ხდება პროცესების ასე მდორედ მიმდინარეობა. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს კითხვები, პირველ რიგში, ქართული საზოგადოებიდან“, – განაცხადა მან.
„საერთო ჯამში გადავჭრით ამ პრობლემას და რკინიგზა აუცილებლად აღდგება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ „აფხაზებსა და ჩვენს შორის ეს გააუმჯობესებს და გაამარტივებს“ ურთიერთობებს.