ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატი წამების ვიდეოებიდან გამომდინარე ‘პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე’ საუბრობს

ზოგიერთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან 26 ივნისს პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება ვერ გაექცევა „პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან დაკავებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გამოვლენილ ვიდეოფირებშია ასახული.

„ვერცერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლებაში მომუშავე ადამიანები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიცილებთ იმიტომ, რომ შენ ხარ ხელისუფლებაში, შენი ვალდებულება არის, რომ ასეთი დანაშაული არ ხდებოდეს. ის, რომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ასეთი დანაშაული, რომელიც წინა ათწლეულებში მართლა ტოტალურად ახასიათებდა საქართველოს, ჩვენ გვეგონა, რომ აღმოვფხვერით, ეს რწმენა, რომ ჩვენ ეს აღმოვფხვერით არის ჩვენი შეცდომა და ეს არის ნამდვილად ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც არის ცხადი, რომელიც არის უდავო“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ლიდერმა გოკა გაბაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ, რომელიც „ფუნდამენტურად“ შეისწავლის ამ დანაშაულს, თუ ვინ ახდენდა „ამ სიმხეცეების“ ორგანიზებას, ვინ იცოდა და აფარებდა ასეთ ფაქტებს ხელს. 

„ახლავე სრულ პოლიტიკურ გარანტიას ვაძლევთ საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას, რომ ყველა დამნაშავის გამოვლენაში და ყველა დამნაშავის დასჯაში ვიქნებით თანამონაწილე“, – განაცხადა მან. 

გაბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ დანაშაულებით „ჩრდილი“ მიადგა ყველაფერ იმას, რაც „ცხრა წლის განმავლობაში იყო ჩვენი ბრძოლისა და ჩვენი პოლიტიკური რწმენის საფუძველი“.

„ამიტომ პირადი და პერსონალური მოტივაციაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს, რომ ყველა ადამიანი მიუხედევად მათი თანამდებობებისა და მიუხედავად მათი სახელებისა და გვარებისა იქნეს გამოვლენილი, იქნეს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით“, – აღნიშნა მან.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ გამოვლენილი წამების დანაშაული მიუთითებს, რომ „ხელისუფლება არ იყო საკმარისად ეფექტური იმისათვის, რომ ბოლომდე ამოეძირკვა ასეთი დანაშაულები და აღარ ჰქონოდა ამას ადგილი“.

მან, როგორც წინა მოწვევის პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც უშუალოდ იყო საპარლამენტო კონტროლის განმახორციელებელი სამართალდამცავ ორგანოებზე, განაცხადა: „მეც ვგრძნობ ჩემ წილ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში მსგავსი რამ ხდებოდა“.

„მე მინდა ვისურვო, რომ ამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი იყოს უფრო წარმატებული იმ კუთხით, რასაც ქვია სამართალდამცავებთან მიმართებაში საპარლამენტო კონტროლის განხორციელება იმისათვის, რომ აღარ მოგვიწიოს მსგავსი ფაქტების კვლავ გაგება“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

მან ასევე გამოთქვა მზაობა საპარლამენტო ფორმატში შესაძლო გამოძიებაში „მაქსიმალური ჩართულობისთვის“.

„მე არ ვაპირებ შევალამაზო რეალობა ან ვთქვა, რომ რაღაც სხვა საკითხებია მნიშვნელოვანი სად იყო აღმოჩენილი ვიდეოები, როდის იყო აღმოჩენილი. არ მაინტერესებს არცერთი თემა გარდა იმისა, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამაში მონაწილეობენ. ყველა სხვა თემა შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობის საგანი, მე არ მინდა, რომ ეს კინკლაობა ამ პარლამენტში ამ თემის ირგვლივ არსებობდეს“, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ჩრდილი მიაყენეს ან რომელიმე უწყებას ან პოლიტიკურ გუნდს, ეს არის ის, რაც ჩრდილს აყენებს მთლიანად სახელმწიფოს, რომლისთვისაც მეც და ბევრი ჩემი მეგობარიც ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრს ვაკეთებდით და ნამდვილად არ ვაპირებ, რომ თვალი დავხუჭო იმაზე, რომ ვიღაცეები ამ  დროს იყვნენ სხვა რაღაცით დაკავებული და მათ შორის აწამებდნენ ადამიანებს. ამაზე თვალის დახუჭვას ან ვინმეზე ხელის დაფარებას არც მე და დარწმუნებული ვარ არცერთი ჩემი კოლეგა საპარლამენტო უმცირესობიდან არ აპირებს“, – აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.

კუბლაშვილის მსგავსად, მისმა თანაგუნდელმა დეპუტატმა სერგო რატიანმა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეუერთდა, განაცხადა, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის „შემზარავი“ ფაქტები გამომდინარეობს ასევე იმ პრობლემიდან, რომ სისტემის არასათანადო კონტროლი ხორციელდებოდა და „ვიღაცას ჩვენ ვენდეთ“.

„ბუნებრივია ამ ტრაგედიაზე და იმაზე, რაც ხდებოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნაციონალურ მოძრაობას. მას ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც საზოგადოების წინაშე, ისე იმ ადამიანების წინაშე ვინც იყვნენ დაშავებული. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება იმ ადამიანების წინაშე,  რომლებიც გულწრფელად 9 წლის განმავლობაში აშენებდნენ სახელმწიფოს“, – განაცხადა რატიანმა.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც პარლამენტში არჩევამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა ცალსახად ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისგებლობას, რადგან სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს ვერ მიექცა ყურადღება სათანადოდ, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს“.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ რაღაც საერთო მიზანიც გვაქვს ამ შემთხვევაში, ეს არის სტაბილური გარემოს შენარჩუნება ქვეყანაში“, -მიმართა მან კოლეგებს ქართული ოცნებიდან, „სწორედ აქედან გამომდინარე, მე პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად მიმაჩნია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ეს გამოძიება და გამოვლინდეს ყველა დამნაშავე პირი მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა ეჭირა, ეს იქნებოდა პოლიტიკურ პარტიაში თუ ეს იქნებოდა სახელმწიფო სტრუქტურაში“.

მან ასევე უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის წამების ვიდეოების გახმაურების შემდეგ  ნაციონალური მოძრაობის დატოვებას აპირებს.

„მე არ ვაპირებ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გამო იქიდან გამომდინარე, რომ პირველი, არ გავურბივარ პასუხისმგებლობას; მეორე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის დღეს მხოლოდ არც თუნდაც მიხეილ სააკაშვილის, არც სხვა რომელიმე ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პარტია – ეს არის საერთო ხედვის გარშემო გაერთიანებული ასობით და ათასობით ადამიანი“, – განაცხადა მან.       

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა მოუწოდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ ეს თემა არ გამოიყენონ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის.

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ზურაბ აბაშიძემ კი მოუწოდა ოპონენტებს, რომ დროულად მოახდინონ დისტანცირება ნაციონალური მოძრაობისაგან.

„დიახაც, ნაციონალური მოძრაობა არის  მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, გიგა ბოკერიას პარტია და თქვენ თუ გინდათ გაემიჯნოთ ამას, გაემიჯნეთ დროზე“, –  მიმართა მან ოპონენტებს და აღნიშნა, რომ მათ „დემაგოგიურ“ გამოსვლებს არ შეუქმნია შთაბეჭდილება, რომ ვინმეს „სინანულის“ გრძნობა გაუჩნდა.

„თქვენგან პირველ რიგში არის ის, რომ სინანული გამოხატოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით, მეტი არაფერი მოგეთხოვებათ“, – განუცხადა აბაშიძემ დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ცინიკური“ უწოდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებას იმის თაობაზე, რომ „თურმე არ იცოდნენ რა ხდებოდა“. 
 
მისი თქმით, მარტო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი იყო საკმარისი იმისთვის, რომ „გაგეაზრებინათ, თუ რა სისტემას აშენებდით“. ამას გარდა, განაგრძო მან, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტული ფაქტებზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ უფლებადამცველები და  მათ შორის ეს ფაქტები მოყვანილი იყო სახალხო დამცველის ანგარიშებში.

„თქვენ არ იცოდით, რომ ხალხს აწამებდნენ? სირცხვილია. ჩაიდეთ ეგ მანდატები ჯიბეში და  უთხარით ხალხს, რომ ნაცმოძრაობა არის სისტემური დანაშაულის პოლიტიკური მფარველი და წადით პოლიტიკიდან. აი ეს იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განუცხადა მან ოპონენტებს.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამართულ ამ დებატებს ორშაბათს, 1 ივლისს მოჰყვება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მედიისთვის დახურული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დეპუტატებს ინფორმაციას მიწვდიან თალიბანის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოების საქმეზე და წამების ვიდეოფირებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამ სხდომის შემდეგ დადგება საკითხი, თუ რამდენად მიზანშეწონილია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ითხოვს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button