ახალი ამბები

შსს: სამალავებში აღმოჩენილ წამების ვიდეოებთან დაკავშირებით ხუთი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხუთი პირი, მათ შორის სამი მოქმედი პოლიციელი და ერთი ყოფილი სამართალდამცავია დაკავებული ამ კვირაში სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებში ნაპოვნი ადამიანების წამების, დამამცირებელი მოპყრობისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოფირებთან დაკავშირებით.

მეხუთე დაკავებულია პირი, რომელიც ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას, აცხადებს შსს.

მანამდე ოთხშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებული იყო ცხრა პირი,  მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები, ასევე თავდაცვის სამინისტროს ერთი მოქმედი თანამშრომელი. მოგვიანებით იმავე დღეს შსს-მ განაცხადა, რომ დაკავებულია ხუთი ადამიანი და არა ცხრა.

შსს ასევე აცხადებს, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. არცერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება. მეგის ქარდავა, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, სხვა საქმესთან დაკავშირებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება.

სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს კიდევ ექვსი პირის მიმართ, რომელთა შორისაა თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი,  სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ორი ყოფილი თანამშრომელი, ასევე ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი და ყოფილი თანამშრომელი. 

19 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შსს-ში შეხვდა და მისი თქმით, „საშინელ კადრებთან“ დაკავშირებით ცნობები მიაწოდა.

შსს-მ 17 ივნისს განაცხადა, რომ ეს ფირები „ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით“ მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილ სამალავებში იქნა ნაპოვნი იარაღთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველ არქივთან ერთად, „რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში“.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღმოჩენილ კადრებს შორის განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ორ ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს გამოძიების მიერ უკვე დადგენილი ორი პირის წამება.

„იქ საუბარი არის ძალიან მძიმე დანაშაულის აღიარებაზე, საკუთარ თავზე აღებაზე, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პიროვნება საერთოდ არ იყო არც გასამართლებული, არც ციხეში ნამყოფი. ის უბრალოდ აწამეს, მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება; მეორე პირი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით იქნა დაკავებული და იჯდა ციხეში მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების და ტარების გამო“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

„რეზიუმე რომ გავაკეთო ეს იყო სისტემური პრობლემა. ეს არ იყო ლოკალური ხასიათის პრობლემა, რომელიც მოხდა ერთ კონკრეტულ რეგიონში ჩვენი ქვეყნის. ეს იყო სისტემური პრობლემა, ეს იყო ასეთი პოლიტიკა და ეს არის პრობლემა წინა ხელისუფლების და წინა რეჟიმის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.

„იმ დროს [შინაგან საქმეთა] მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი, მე მინდა კარგად შევახსენო ყველას, შესაბამისად პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირების, რომელთა მმართველობის დროს ხორციელდებოდა ეს საშინელება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა ამჟამინდელმა მინისტრმა.

იგი ასევე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენლის, მისი თქმით, „უსუსურ ბრალდებებს“ იმის შესახებ, რომ „თითქოს ეს [სამალავებში აღმოჩენილი] იარაღი  ოფიციალურად იყო რეგისტრირებული და ეკუთვნოდა ან ჩვენ სამინისტროს ან თავდაცვის სამინისტროს“.

მან, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მსგავსად, უარყო ეს ბრალდებები, როგორც  „სისულელე“ და „ტყუილი“ და განაცხადა, რომ ეს იარაღი ოფიციალურ უწყებებს არ ეკუთვნოდა.

„ჩვენ მხოლოდ გვაქვს რეგისტრირებული, აღრიცხული იარაღი. ეს იყო ე.წ. აღურიცხავი, შავი იარაღი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button