ახალი ამბები

თედო ჯაფარიძე უარს აცხადებს დიდ ბრიტანეთში ელჩად წარდგენაზე

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან თედო ჯაფარიძემ 10 ივნისს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ელჩად წარდგენაზე უარს ამბობს.

მისი კანდიდატურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს, ელჩობის სხვა კანდიდატებთან ერთად, იანვარში შესთავაზა პარლამენტისთვის წარსადგენად, თუმცა ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილს ხელი არ მოუწერია ამ წარდგინებაზე.

„მე არ მინდა ვიყო ამ ახირებული, უაზრო პოლიტიკური თამაშების მონაწილე, ვინაიდან ვთვლი, რომ ეს აყენებს ზიანს საქართველოს საგარეო პოლიტიკას, ქართულ დიპლომატიურ კორპუსს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ, 1994-2002 წლებში აშშ-ში საქართველოს ელჩმა და 2004 წლის მარტამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ამიტომ მე ვთხოვდი სათანდო უწყებებს, რომ წარადგინონ ახალი კანდიდატურა და იმედია, რომ ამ ახალ კანდიდატურას ბატონი პრეზიდენტი უფრო ოპერატიულად განიხილავს  და საქართველოს ეყოლება ელჩი იმ ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანაში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი“, – განაცხადა მან და მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მოტივად ასევე დაასახელა სურვილი, რომ ჩართული იყოს  „მეტად რთულ და დინამიურ“ საპარლამენტო პროცესებში.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა იანვრიდან მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც პრეზიდენტმა ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე თანამდებობიდან რიგ სხვა ქვეყნებში საქართველოს იმ ელჩებთან ერთად გაათავისუფლა, რომელთა შეცვლასაც მას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გასული წლის ბოლოდან სთხოვდა.

ელჩების წარდგენისა და დანიშვნის საკითხი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დროდადრო უთანხმოებები წარმოიქმნება, როგორც ქართული ოცნება აცხადებს, პრეზიდენტის მიერ პროცედურების გაჭიანურების გამო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button