ახალი ამბები

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს წევრები აირჩია

მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც სასამართლო ხელისუფლების თვითმმართველი ორგანოა, კვირას შეიკრიბა და საკუთარი რიგებიდან შვიდი წევრი აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – ორგანოში, რომელიც  სასამართლო სისტემას კურირებს და მოსამართლეების დანიშნვის და გათავისუფლების, ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის უფლებამოსილება გააჩნია.

იუსტიციის 15–წევრიანი საბჭოს დაკომპლექტება მიმდინარე კვირას დასრულდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს აირჩევს იმ 35 კანდიდატიდან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს იურისტთა აკადემიურმა წრეებმა, იურიდიული პროფილის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციებმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წარუდგინეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობრივად შედის და ხელმძღვანელობს მას. 

აქამდე ჩატარებულ მოსამართლეთა არცერთ კონფერენციას არ მიუპყრია მედიის ან დაინტერესებული პირების იმხელა ყურადღება, როგორი ინტერესიც ამ ბოლო შეკრების მიმართ დაფიქსირდა. კონფერენცია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში იქნა მოწვეული, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას ითვალისწინებს, რის შედეგადაც რიგით მოსამართლეებს ადრინდელზე მეტი უფლებები მიენიჭათ საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესში, მათ შორის იმ კუთხით, რომ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატების ნომინირების უფლება გაუჩნდათ – ამ უფლებით ადრე ექსკლუზიურად მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი სარგებლობდა; წინა კენჭისყრებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი კენჭისყრა ფარული იყო.

კოალიცია ქართულმა ოცნებამ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების გეგმა ხელისუფლებაში მოსვლიდან, დაახლოებით, ერთ თვეში წარადგინა და ამ ინიციატივას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საქმეში მთავარ ელემენტად განიხილავდა. ხანგრძლივი დებატების, მრავალჯერადი ჩასწორებებისა და ვენეციის კომისიის ექსპერტიზის შემდეგ, პარლამენტმა აპრილის დასაწყისში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებათა პროექტი დაამტკიცა, თუმცა მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტო დაადო; პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ კანონი ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც მას მაისის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოაწერა ხელი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრისთვის, მათ შორის ოთხი დეპუტატისა და პრეზიდენტის მიერ დანიშნული ორი წევრისთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის გარდა, ახალი კანონმდებლობით წევრობა შეუწყდება ასევე საბჭოს რვიდან შვიდ მოსამართლე წევრს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ახალი წესებით დადგენილ კრიტერიუმებს – არიან ან სასამართლოების და პალატების თავმჯდომარეები ან საბჭოს წევრები გახდნენ არა მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ მისი  ცხრა-წევრიანი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ არჩევის შედეგად. საბჭოს მხოლოდ ერთმა მოსამართლე წევრმა გიორგი შავლეიშვილმა შეინარჩუნა ადგილი, ვინაიდან მისი წევრობა ახალ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.    

თუმცა, ახალმა კანონმდებლობამ ყოფილ მოსამართლე წევრებს ასევე მისცა საშუალება კვლავ ეყარათ კენჭი და დაებრუნებინათ თავიანთი წევრობა, თუ მათ მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევდა.

ამ უფლებით სამმა მოსამართლემ ისარგებლა და ორი მათგანი არჩეულ იქნა კიდეც კვირას კონფერენციის მიერ; შედეგად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობები შეინარჩუნეს – ილონა თოდუამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, და შოთა გეწაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, რომელიც 2011 დეკემბერში მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საქმეს თავმჯდომარეობდა.

შედეგად, შვიდი ადგილიდან, ხუთი ახალმა წევრებმა დაიკავეს, რომელთაგანაც სამი არიან უზენაესი სასამართლოს წევრები: ზაზა მეიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ასევე ლევან მურუსიძე და პაატა სილაგაძე.

დანარჩენი ორი ახალი წევრია: თამარ ალანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და მერაბ გაბინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იმავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

ორი დამოუკიდებელი კენჭისყრა გაიმართა ვაკანტური ადგილების შესავსებად – ერთი კენჭისყრა გაიმართა სამი ადგილის შესავსებად იმ მოსამართლეებისთვის, რომელთაც პალატების ან კოლეგიების თავმჯდომარეების პოსტები ეკავათ, ხოლო მეორე კენჭისყრა გაიმართა ‘არა–თავმჯდომარე მოსამართლეებისთვის’ გამოყოფილი ადგილების შესავსებად.

პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეებისთვის კვოტირებულ სამ ადგილზე წევრების არჩევის წესი უთანხმოების გამომწვევი მთავარი წყარო გახდა როგორც მოსამართლეთა კონფერენციის წინ, ისე მისი მსვლელობის დროს და ეს გამომდინარეობდა ახალი კანონმდებლობის ზოგიერთი დებულების ორმაგი ინტერპრეტაციიდან.

თავდაპირველად, კოალიცია ქართულ ოცნებას სურდა, რომ საერთოდ აეკრძალა სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევის შესაძლებლობა. თუმცა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ, ქართული ოცნება პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეებისთვის ასეთი შესაძლებლობის დაშვებას დათანხმდა, თუმცა კანონმდებლობით განსაზღვრა, რომ ამგვარი მოსამართლეების რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამს არ უნდა აღემატებოდეს.

მოსამართლეთა კონფერენციის შეკრებამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 5 ივნისს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა და კონფერენციას დასამტკიცებლად გაუგზავნა მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული ცვლილებათა პროექტი, რომელიც კონფერენციას ახალი წევრების არჩევნების დაწყებამდე უნდა დაემტკიცებინა.

ამ პროექტს მხარი არ დაუჭირეს იუსტიციის მოქმედი უმაღლესი საბჭოს წევრმა სამმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ვახტანგ ხმალაძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და შალვა შავგულიძემ, რომლებიც საკუთარი ალტერნატიული პროექტი მოამზადეს მოსამართლეთა კონფერენციისთვის. ეს ალტერნატივა შეეხებოდა იმ სამი კანდიდატის ნომინირების წესს, რომელთათვისაც კანონი აწესებს შესაძლებლობას, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობას შეუთავსონ პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეების თანამდებობები.

ქართული ოცნების დეპუტატები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ მიუხედევად იმისა, რომ ამ სამ წევრს ცალკე ეყრება კენჭი, ამ თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება უნდა ჰქონდეს უკლებლივ ყველა მოსამართლეს და არა მხოლოდ კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს, რომელთა რიცხვიც სულ 11-ია საქართველოში. დეპუტატების თქმით, რეგლამენტის პროექტით დადგენილი წესი, რომ მხოლოდ კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეებს შეეძლოთ 3 ვაკანსიაზე ნომინირება, არ შეესაბამება კანონის სულისკვეთებას და „დისკრიმინაციულია“, რადგან „უსამართლოდ აყენებს მოსამართლეთა მცირე ჯგუფს აშკარად უპირატეს მდგომარეობაში ყველა სხვა მოსამართლის მიმართ“, რომელთა რაოდენობაც 229-ს შეადგენს.

ქართული ოცნების დეპუტატების ეს არგუმენტი მოსამართლეთა მცირე ჯგუფმა გაიზიარა, რომლებიც 9 ივნისის მოსამართლეთა კონფერენციაზე აქტიურად შეეცადნენ რეგლამენტის შეცვლას, თუმცა, როდესაც რეგლამენტის შეცვლის ინიციატივა კენჭისყრაზე დადგა, მან კონფერენციაზე დამსწრე 236 მოსამართლიდან მხოლოდ 58-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

მოსამართლეთა იგივე ჯგუფი ამაოდ შეეცადა კონფერენციის დღის წესრიგში შესული საკითხების თანამიმდევრობა იმგვარად შეცლილიყო, რომ თავდაპირველად  კენჭი ეყარათ საკითხისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს არ ეხელმძღვანელა მოსამართლეთა კონფერენციისთვის; მოსამართლეთა ეს ჯგუფი აცხადებდა, რომ კუბლაშვილი ვერ იმოქმედებდა, როგორც კონფერენციის მიუკერძოებელი წამყვანი. თუმცა მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ კონფერენციის დღის წესრიგის რიგითობაში ცვლილების შეტანის ინიციატივა ჩააგდო.

„არათავმჯდომარე მოსამართლეებისთვის“ გამოყოფილ ოთხ ადგილზე სულ ოცი კანდიდატი იყო წარდგენილი. ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა კონფერენციაზე დამსწრე 236 მოსამართლის ხმების 2/3, რის გამოც კენჭისყრის მეორე ტური გაიმართა.       

ეს კანდიდატები იყვნენ: ლევან მურუსიძე; ილონა თოდუა; პაატა სილაგაძე; მაია ბაქრაძე; დიანა ბერეკაშვილი; ბესო სისვაძე; ირაკლი ადეიშვილი; ბადრი კოჭლამაზაშვილი; ეკა ცისკარიძე; თამარ ალანია; დურმიშხან ჟორჟოლიანი; თამარ ზამბახიძე; დავით ღიბრაძე; ინგა კვაჭანტირაძე; იოსებ ბაღათურია; ზაზა მარტიაშვილი; ლელა ცანავა; ეკა არეშიძე; შორენა გუნცაძე და გიორგი გოგინაშვილი; ბოლო ცხრა კანდიდატმა მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს მას შემდეგ, რაც პირველ ტურში ხმების შედარებით ნაკლები რაოდენობა მიიღეს. 

ლევან მურუსიძემ, პაატა სილაგაძემ (ორივე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები), ილონა თოდუამ თბილისის საქალაქო სასამართლოდან და თამარ ალანიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან მეორე ტურში სხვებზე მეტი ხმები დააგროვეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ.

ცალკე კენჭისყრაზე, რომელიც ე.წ. „თავმჯდომარე მოსამართლეებისთვის“ გამოყოფილი სამი ადგილისთვის გაიმართა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც ხმების 2/3-ზე მეტი მოიპოვა და პირველივე ტურში იქნა არჩეული საბჭოს წევრად; კიდევ ორმა წევრმა – მერაბ გაბინაშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იმავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარემ, და შოთა გეწაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, ადგილები საბჭოში არჩევნების მეორე ტურის შედეგად მოიპოვეს.

ხმების დათვლა შუაღამის შემდეგაც გაგრძელდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული განუხილველ საკითხებზე მსჯელობა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც კონფერენცია ერთი კვირის თავზე კვლავ შეიკრიბება.

მოსამართლეთა კონფერენციას წინ უძღოდა ასევე მიმდინარე კვირაში ურთიერთბრალდებების გაცვლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილსა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შორის. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კუბლაშვილი მოსამართლეებს სასტუმროებში ფარულად ხვდებოდა მოსამართლეთა დაგეგმილ კონფერენციაზე სასაუბროდ. ბრალდებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საპასუხო ბრალდებით უპასუხა და განაცხადა, რომ პროკურორები მოსამართლეებთან ფარულ შეხვედრებს მართავდნენ მოსამართლეთა კონფერენციის წინ, რაც მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევაა. ურთიერთბრალდებების წარდგენისას მხარეებს შესაძლო ფარულ შეხვედრებში მონაწილე პირები არ დაუსახელებიათ.

5 ივნისს მოსამართლეთა დაგეგმილი კონფერენციის შესახებ განცხადება გააკეთა ასევე აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ეძლევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს მისი დამოუკიდებლობა.

„ეს არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის რომ ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯი გახდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს არჩევნებში გარეშე, თუ შიდა ძალების ჩარევა, ხოლო თითოეულ მოსამართლეს ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა ელჩმა ნორლანდმა.

„მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ყოფილი პრემიერ–მინისტრის მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი ციხეშია, სასამართლო სისტემა აღქმულ იქნას, როგორც სრულიად დამოუკიდებელი და დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნები“, – განაცხადა ელჩმა ნორლანდმა.

15-წევრიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძირითადი გადაწყვეტილებები, როგორიცაა დისციპლინარული საკითხები და ახალი მოსამართლეების დანიშვნა, სრული შემადგენლობის ხმათა 2/3-ით მიიღება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button