პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური: ივანიშვილსა და კერის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის ესაუბრა ტელეფონით, რომელმაც ივანიშვილს სამძიმარი გამოუცხადა ავღანეთში 6 ივნისს შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო, იტყობინება საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.
ამავე ინფორმაციით, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ISAF-ის მისიაში საქართველოს წვლილის გამო და იმედი გამოთქვა, რომ „უახლოეს მომავალში მხარეები პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს და იმსჯელებენ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე“.
„სატელეფონო საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გააგრძელებს სწრაფვას ევროატლანტიკური ალიანსისკენ და შეძლებს გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა 7 ივნისს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის „გულთბილი სატელეფონო ზარისთვის და საქართველოსთვის მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერისთვის“.
ასევე პარასკევს აშშ–ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი ტელეფონით ესაუბრა თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას, რათა სამძიმარი გამოეთქვა ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
„აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში. საუბრისას მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცობასა და პროფესიონალიზმზეც“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)