ახალი ამბები

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს შემდგომ სხდომებს დაესწრება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას, რომელიც მის სასახლეში გაიმართა, იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება მომდევნო შეკრებებს ფორმატში, რომელიც, მისი თქმით, საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს ერთობლივად განიხილოს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.

უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერი ივანიშვილი არ დასწრებია, ვინაიდან არ ჩათვალა აუცილებლად საბჭოს სხდომის დანიშვნამდე დაგეგმილი გრაფიკის დარღვევა.

თუმცა სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობიდან – შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი; უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და მისი მოადგილეები: ბათუ ქუთელია, ლევან დუჩიძე, თამარ კინწურაშვილი, თორნიკე თურმანიძე; საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბარამიძე; ასევე თბილისის მერი გიგი უგულავა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი.

სხდომის მოწვევის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ეს უშიშროების საბჭოს პირველი შეკრება იყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ივანიშვილის კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა.

პრეზიდენტმა თავის გახსნით სიტყვაში განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომებს შორის წარმოქმნილი „პაუზა“ განპირობებული იყო „არჩევნებით, მთავრობის შეცვლით და სხვადასხვა პოლიტიკური რეალობით“.

„ჩვენ შევძელით ხელახლა შეკრება უშიშროების საბჭოში იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს ხელისუფლების ყველა შტოს მიუხედევად იმისა, თუ ვინ არის წარმომადგენელი ამ შტოსი, ყველა პოლიტიკურ ძალას ერთად დავსხდეთ და ვილაპარაკოთ საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მთავარ საკითხებზე, რომელიც ჩვენ ხალხს აღელვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა სხდომის გახსნით სიტყვაში მას შემდეგ, რაც სხდომაზე დამსწრეებს სათითაოდ ჩამოართვა ხელი. 

„დღევანდელი დღის წესრიგი განპირობებულია იმ პროვოკაციებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწყობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ასევე იმ თემებით, რომელიც უკავშირდება  ჩვენი ქვეყნის დამპყრობლის მცდელობებს იაროს სხვადასხვა ქვეყნებში და მოიპოვოს აღიარება უკანონო მისი ოკუპაციის, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩვენი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ცნობა – ამაზე ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ აუცილებლად“, – განაცხადა მან.

„ამიტომ ჩვენ ასეთი შეკრებები მუდმივად უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვილი ამ თემებზე და ეს არის ის საკითხები, რომლებიც ყველას თანაბრად გვაღელვებს იმიტომ, რომ ყველანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ“.

„მე ასევე იმედს გამოვთქვამ, იმიტომ რომ უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი წევრია პრემიერ-მინისტრი, რომ შემდეგ შეკრებებზე ისიც დაესწრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

"დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გააკეთებს ინფორმაციას ე.წ. საზღვრის დადგენის მცდელობაზე მათი მხრიდან და სინამდვილეში ჩვენი და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკანონო საოკუპაციო ზოლის რუსეთის საოკუპაციო ქმედებების გარშემო, ისევე როგორც ჩვენ გავცვლით აზრებს ბოლო ვიზიტებზე, რომელიც მე განვახორციელე, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ შემდგომშიც შეჩერება ამ [აღიარების] პროცესის, როგორც აქამდე ხერხდებოდა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა ის კითხვები, რომელიც ივანიშვილის თქმით, სააკაშვილის საგარეო „ვოაიჟებთან“ დაკავშირებით არსებობს.

„შეკითხვა რაც მე დავუსვი და დაუსვამენ დღეს საბჭოს სხდომაზე შემიძლია აქაც გავიმეორო, რომ კეთილი ინებონ და მოახსენონ ხალხს სად დადის პრეზიდენტი, რას აკეთებს, რა წარმატებებს მიაღწია და როგორ ზრუნავს ქვეყნისათვის“, – განუცხადა ივანიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის შეკრებამდე ჟურნალისტებს. 

სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც დაახლოებით ორი საათს  გრძელდებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პრეზიდენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ბოლო პერიოდში განხორციელებული მისი ვიზიტების შესახებ და იმაზე, თუ „რა აქვს დაგეგმილი ხვალ და ზეგ“.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ვიზიტების თუ ამ შეხვედრების დროს აუცილებლად იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ჩვენი ელჩები სხვადასხვა სახელმწიფოებში და საჭიროების შემთხვევაში, წინასწარაც მოხდება ცალკეული საკითხების მომზადება და გააზრება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „სანამ მიხეილ სააკაშვილს ქვია საქართველოს პრეზიდენტი და ის არის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ასეთი შეხვედრები არის აუცილებელი“. 

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სხდომამ “ძალიან  საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა“ და „ძალიან სასარგებლო“ იყო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ „ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ–მინისტრმა ვერ მოახერხა მოსვლა“.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ის თავის გრაფიკთან შეათავსებს ასეთი შეკრებების დროს“, – განუცხადა მან სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მიესალმა დღევანდელ სხდომას და განაცხადა: „მე ვთვლი, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს მომავალში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button