ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ოკუპაციის წინააღმდეგ ორპარტიული რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ მოუწოდა ქართულ ოცნებას ერთობლივად შეიმუშავონ რეზოლუციის პროექტი, რომელიც დაგმობს რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებს.

საქართველო აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ   მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო ხაზის გადმოწევა მოყვა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი სამხედროები მათ „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების“ დემარკაციაში ეხმარებიან ყოფილი ავტონომიური ოლქის საბჭოთა დროინდელი საზღვრების შესაბამისად.

„მიუხედავად ძალიან დიდი განსხვავებებისა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ქვეყანაში უნდა არსებობდეს თემები, სადაც მთელ პოლიტიკურ სპექტრს შეუძლია მსგავსი პოზიციის დაკავება; დარწმუნებული ვარ, რომ დეოკუპაციასთან და ქართულ–რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესები სწორედ ასეთ თემას მიეკუთვნება“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 3 ივნისს.

„ერთის მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნორმალიზებას [რუსეთთან], მაგრამ მეორე მხრივ, მიგვაჩნია, მნიშვნელოვანი და პრინციპულია გავაგებინოთ რუსეთს, რომ საოკუპაციო ზოლის ნებისმიერი გადმოტანა,  ისევე როგორც ამ ზოლის არსებობა მთლიანობაში, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის არის მიუღებელი“, – განაცხადა მან.

ბაქრაძემ მოუწოდა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ერთობლივად შეიმუშავონ რეზოლუციის პროექტი, რომელიც იქნება მიმართვა საქართველოს „პარტნიორი ქვეყნების“ და საპარლამენტო ასამბლეების მიმართ.  

ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე, სადაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარება იქნება განხილული. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით იკრიბება, არ გამართულა მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში პრემიერ ივანიშვილის კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.

3 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატებს შეხვდნენ, სადაც მათ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში: დიცში, დიდ ხურვალეთში, ქვემო ნიქოზში, გუგუთიანთკარსა და დვანში რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს.  შსს–ს ინფორმაციით, 7 ივნისს, სამინისტროს ინიციატივით, დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან შექმნილ ვითარებას.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 3 ივნისს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 30 მაისს ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორს, რომელიც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა. სატელეფონო საუბრის დროს კარასინმა განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი შესაფერისი ფორმატია მსგავსი საკითხების განსახილველად, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

„სიტუაციის გამწვავების მცდელობა საქართველოში დაგეგმილი არჩევნების წინ, და უფრო მეტიც პასუხისმგებლობის რუსეთის ფედერაციაზე დაკისრება, არამართლზომიერია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button