ახალი ამბები

ევროკავშირის რეაქცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე

ევროკავშირმა 22 მაისს განაცხადა, რომ ის აქტიურად დააკვირდება სამართლებრივ პროცედურებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის და კახეთის ამჟამინდელი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ, რომლებიც 21 მაისს დააკავეს.

ერთობლივ განცხადებაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე აცხადებენ, რომ ევროკავშირი ელის, რომ სამართლებრივი პროცედურები იქნება სამართლიანი და დამოუკიდებელი. 

"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე ყურადღებით ეკიდებიან ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ამჟამად კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის  გუშინდელ დაპატიმრებასა და დაკავების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მათ მიმართ სამართალწარმოების პროცესს და მოელის, რომ ის სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება“, – აცხადებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. 

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი მოელიან საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ამ საქმეებზე, ისევე, როგორც ყველა სხვა საქმეზე, მართლმსაჯულება მიუკერძოებლად განხორციელდება და არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკვე მიესალმა ევროკავშირის განცხადებას.

წერილობით განცხადებაში ივანიშვილმა განაცხადა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელთა დაინტერესება და ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ყველა ზომას მიმართავენ, რათა თითოეულ საქმეზე პროცესი საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით წარიმართოს“.

„ჩვენ გამოვრიცხავთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე პოლიტიკური ასპექტების გავლენას რაიმე ფორმით. კიდევ ერთხელ მივესალმები საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის განსაკუთრებულ დაინტერესებას. მჯერა, თქვენი ასეთი ყურადღება მხოლოდ დაეხმარება საქართველოს მთავრობას პროცესების სამართლებრივად გამართულად და სამართლიანად  წარმართვაში“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button