Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროკავშირის დელეგაციის განცხადება 17 მაისის ძალადობის შესახებ

საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და ევროკავშირის დელეგაცია „აღშფოთებულნი არიან 17 მაისს ზოგიერთი დემონსტრანტის მიერ გამოვლენილი სასტიკი შეუწყნარებლობისა და ძალადობის“  სცენებით, როდესაც ათასობით კონტრდემონსტრანტმა ჩაშალა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქციის მცდელობა.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „დაიცვას მისი ყველა მოქალაქის უფლებები მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“.

„ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყოველი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეს არაერთხელ იქნა ჩვენს მიერ გაცხადებული", – ნათქვამია 20 მაისს საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელებისა და ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.

„ევროკავშირს სწამს, რომ აუცილებელია ნებისმიერ ნიადაგზე, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და  შემწყნარებლობის, როგორც დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოების საფუძვლის, წახალისება", – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიცვას მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ღირსეულად უზრუნველყოს თავისუფლების, თანასწორობისა და უფლებების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით 17 მაისის გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა ამ დროისთვის სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, 19 მაისს განაცხადა, რომ გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button