
დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება
რუსთაველის გამზირზე 26 მაისს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, სამხედრო აღლუმი არ გაიმართება, თუმცა საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში „სამხედრო კომპონენტი“ წარმოდგენილი იქნება, განაცხადა ვიცე–პრემიერმა და განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა 26 აპრილს.
მარგველაშვილი იმ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეა, რომელიც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზებას კურირებს.
„აღლუმი ჩავლით აღარ ჩატარდება. იქნება ძალიან ლამაზი სამხედრო კომპონენტები, განსაკუთრებით ავიაციის მონაწილეობით. ბუნებრივია, ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს სამთავრობო კომისიის შეხვედრის შემდეგ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მასშტაბით უნდა აღინიშნოს და არ უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ დედაქალაქში.
პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა 10 აპრილს, რომ იგი სკეპტიკურად უყურებს სამხედრო აღლუმებს; იმ დროს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.
„სამხედრო აღლუმისგან ალბათ თავს შევიკავებთ… ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომ სამხედრო ძალა ვაჩვენოთ… ვფიქრობ, სამხედრო ძალის ჩვენების საჭიროება არ არის,“ – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს 10 აპრილს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ასევე ქვეყნის მთავარსარდალია, განაცხადა საპასუხოდ, რომ მთავრობას იმიტომ არ უნდა სამხედრო აღლუმის გამართვა, რომ არ სურს, რომ აღლუმი პრეზიდენტმა ჩაიბაროს.
„მზად ვარ იმ დღეს [26 მაისს] წავიდე ავღანეთში და ჩვენი ჯარის კონტინგენტთან შევხვდე იქ დამოუკიდებლობის დღეს. არ ჩავიბარო აღლუმი. ჩაიბაროს თავდაცვის მინისტრმა, ჩაიბაროს გენშტაბის უფროსმა, მაგრამ გაატარონ ჯარი. ჯარისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში 16 აპრილს და დასძინა, რომ ეს ის არმიაა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო გადაარჩინა.
გასულ წელს დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით ქუთაისში აღინიშნა. იმადროულად, თბილისმა საქართველოში დამზადებული პროდუქციის „სამრეწველო აღლუმს“ უმასპინძლა რუსთაველის გამზირზე.
დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმით აღნიშვნის ტრადიცია 2004 წელს, დაახლოებით რვაწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. მას შემდეგ სამხედრო აღლუმები ყოველ წელს იმართებოდა. მხოლოდ 2009 წლის 26 მაისი იყო გამონაკლისი. მაშინ ხელისუფლებამ აღლუმის ჩატარება რუსთაველზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო გადაიფიქრა. მეორე მხრივ, აღლუმზე უარის თქმის მიზეზი მუხროვანის სატანკო ბატალიონის ე.წ. ამბოხება იყო 2009 წლის მაისის დასაწყისში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)