
პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიღებულია
პარლამენტმა 22 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით 123 ხმით კვლავაც ერთხმად მიიღო ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც პრეზიდენტს ართმევს უფლებას მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე ერთპიროვნულად გამოცვალოს.
პირველი მოსმენით ამ საკითხს დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან გუშინ დაუჭირეს მხარი, ხოლო მისი მესამე და საბოლოო მოსმენით კენჭისყრა 25 მარტის რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.
კანონპროექტის დღევანდელი განხილვისას გამოთქმულ მცირერიცხოვან მოსაზრებებს შორის ერთ-ერთი ეხებოდა კანონპროეტის მოქმედების ვადებს.
დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა მოუწოდა კანონპროექტში იმის მკაფიოდ დაფიქსირებისაკენ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ე.წ. გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს, ვიდრე 2013 წლის ბოლოს ახალი საკონსტიტუციო დებულებები შევა ძალაში. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ცვლის მხოლოდ კონსტიტუციის მოქმედ დებულებებს და არა იმ ნორმებს, რომელთა ძალაში შესვლაც წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
იმავდროულად, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი ბობოხიძემ, რომელიც უმცირესობაში შემავალ მაჟორიტარების ფრაქციას ხელმძღვანელობს, გააკრიტიკა პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებები და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით. მან მოუწოდა ლიდერებს, რომ აცალონ დეპუტატებს ამ საკითხზე მუშაობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)