ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, რომელიც ამ პოსტზე დეკემბრის ბოლოს 6 წლის ვადით აირჩია,  თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ეს გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ 4 მარტის სხდომაზე მიიღო, სადაც განიხილავდა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის ბრალდებებს გენერალური დირექტორის მიმართ.

გასული კვირის ბოლოს ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც გიორგი ბარათაშვილმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი თქმით, ბარათაშვილი მისგან მთავრობის სასარგებლოდ მოითხოვდა ახალი ამბების გაშუქებას. ბარათაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ბერძენიშვილი თანამდებობიდან რეაორგანიზაციის ფარგლებში გაუშვა, თუმცა სანაცვლოდ მას დირექტორის მრჩევლად ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

სამეურვეო საბჭომ 4 მარტს დახურულ სხდომაზე ორივე მხარეს მოუსმინა, რის შემდეგაც გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის მოვალეობას, პირველი არხის ცნობით, არხის მენეჯმენტის თანამშრომელი გიორგი ბაქრაძე შეასრულებს. 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ გადაწყვეტილების მოტივებს შორის დაასახელა ის, რომ საბჭო „ვალდებულია მაუწყებელი დაიცვას შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენებისგან და უზრუნველყოს მაუწყებლის რეპუტაცია“, მან ასევე უპასუხისმგებლო უწოდა „კრიზისული ვითარების შექმნას“, იმ პირობებში, როდესაც „მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა“. მან ასევე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც საკადრო საკითხებში სამეურვეო საბჭოს ჩარევის მცდელობა. 

ბარათაშვილი, რომელმაც საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ კონკურსის შედეგად მას შემდეგ აირჩია, რაც მისმა წინამორბედმა გია ჭანტურიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დეკემბერში დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button