
ახალაია წინასწარ პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა წამების, უფლებამოსილების გადამეტების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით ბრალდებული ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას 50 000 ლარის ოდენობის გირაოთი გათავისუფლების თაობაზე.
2 მარტს გამართულ წინასწარ სასამართლო მოსმენაზე მოსამართლე ეკა არეშიძის ამ გადაწყვეტილებამ ახალაიას მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მათ სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ნოემბრის დასაწყისში, როდესაც ახალაია დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მას თავდაპირველად უფლებამოსილების გადამეტებაში დასდეს ბრალი, რაც 2011 წლის ოქტომბერში, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის საქმეს ეხებოდა.
მაშინ მას თავისუფლების უკანონო აღკვეთა დასდეს ბრალად, რაც 2011 წლის სექტემბერში ერთი ადამიანის ცემას და რამდენიმე საათით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ბრალდებას მოიცავდა.
რაც შეეხება წამების ბრალდებას, რომელიც მას ნოემბრის შუა რიცხვებში წაუყენეს, ის უკავშირდება მისი თავდაცვის მინისტრობის დროს 2010 წლის თებერვალში ათზე მეტი ჯარისკაცის წინააღმდეგ არაჰუმანური მოპყრობის საქმეს.
სამი პროკურორისგან შემდგარი ბრალდების მხარე, დაახლოებით, 140 მოწმის დაბარებას აპირებს პროცესზე, ხოლო დაცვის მხარემ მოსამართლეს, დაახლოებით, 50 მოწმის დაკითხვა სთხოვა.
დაცვის მხარე ასევე ითხოვდა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის და მისი მოადგილის დავით მჭედლიშვილის დაბარებას, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა.
ახალაია ბრალდებებს უარყოფს; მან უთხრა მოსამართლეს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია. მან ასევე განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს მისი დანაშაულის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. ახალაიამ ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ ბრალდების მხარის მოწმეებიც კი მის სასარგებლოდ ისაუბრებენ სასამართლო პროცესზე იტყვიან რა სიმართლეს.
ახალაიას გარდა, სასამართლო პროცესი ასევე ეხება კიდევ შვიდ ბრალდებულს, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს, რომელსაც უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი. კალანდაძე ასევე უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.
დღემდე პროცესი წინასწარი მოსმენის ეტაპზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მარტიდან ამ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
ასევე, 2 მარტს ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. იანვარში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც შესაძლებელი გახდა იმ საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა, რომლებშიც მაღალი თანმდებობის პირები არიან ბრალდებულნი.
თუმცა, მოსამართლემ განუცხადა ბრალდების მხარეს, რომ სასამართლო პროცესის ამ ეტაპზე ადრეა ამგვარი შუამდგომლობის განხილვა და სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა გაგრძელდა.
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, სადაც ითხოვა, რომ რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ(რომელთაგანაც ორი მიმალვაშია) შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა საკმარისი მტკიცებულების არ არსებობის მოტივით. ამის შემდეგ, წინასწარი მოსმენა გადაიდო. მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებას ამ შუამდგომლობაზე 5 მარტს გამოაცხადებს, როდესაც სასამართლო მომდევნო სხდომას გამართავს.
იმ ბრალდებებისა გარდა, რომელიც მიმდინარე პროცესზე განიხილება, პროკურატურამ 1 მარტს და 2 მარტს ახალაიას დამატებითი ბრალდებები წაუყენა.
1 მარტს პროკურატურამ ახალაიას უფლებამოსილების გადამეტებაში დასდო ბრალი, განაცხადა რა, რომ ბაჩო ახალაიამ, როდესაც იგი 2006 წლის მარტში პენიტენციალურ სისტემას ხელმძღვანელობდა, რამდენიმე პატიმარი ცემა, რასაც ორთაჭალის მე–5 საპყრობილეში მოყვა ბუნტი, რომლის შედეგადაც შვიდი პატიმარი დაიღუპა.
2 მარტს პროკურატურამ ახალაიას ბრალი წაუყენა წამების, არაჰუმანური მოპყრობის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. საქმე ეხება 2012 წლის აგვისტოში, ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობას იმ პოლიტიკური სიმპათიების გამო, რომელიც მათ "ქართული ოცნების", მაშინდელი ოპოზიციური კოალიციის მიმართ გააჩნდათ.
This post is also available in: English Русский