ახალი ამბები

პროკურატურა უგულავასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პროკურატურა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები, მათ შორის თბილისის მერისთვის გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სამშაბათს.

„პროკურატურისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა გადაწყვეტილება უკანონო არის. ამიტომ, უკანონობასთან შეგუებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ასე რომ, გასაჩივრება მოხდება“, – განაცხადა კბილაშვილმა.    

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ იგი არ ელის, რომ სააპელაციო სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურის მოთხოვნაზე; მან სასამართლო სისტემა პრეზიდენტ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიკერძოებაში დაადანაშაულა.  

„დღეს პროკურატურა იცვლება და შეიცვალა, მაგრამ მეორე მხარე, სასამართლო არის შეუცვლელი“, – განაცხადა კბილაშვილმა 26 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მოსამართლეები იგივე რეჟიმში დარჩნენ, რომელშიც ისინი წინა ხელისუფლების პირობებში მუშაობდნენ და წინა მთავრობისთვის განაგრძობენ სამსახურის გაწევას.

„ადრე მომსახურება კეთდებოდა იმ თვალსაზრისით, რომ მათი დაკვეთები სრულდებოდა, დღეს მომსახურება ხდება იმ თვალსაზრისით, რომ განსაცდელში ჩავარდნილ ყოფილ აღმასრულებელ პირებს მაშველი თოკი გადაუგდოს და ამით გადაარჩინოს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კბილაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button