ახალი ამბები

გიგი უგულავას ბრალი დაკავების გარეშე წარედგინა

23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოცხადების შემდეგ დედაქალაქის მერს გიგი უგულავას ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, ის არ დაუკავებიათ და არც დაუკითხავთ, ვინაიდან მან დუმილის უფლებით ისარგებლა, განაცხადეს საგამოძიებო სამსახურმა და უგულავას ადვოკატმა.

გიგი უგულავას გამოძიება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდთან დაკავშირებით ედავება.

ტელეიმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან“ დაკავშირებით, რაც თავის მხრივ უკავშირდება რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს, უგულავას ბრალი წარედგინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.

182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის დარღვევას ედავება თბილისის მერს გამოძიება მეორე ეპიზოდთან დაკავშირებითაც, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმების საქმეს უკავშირდება.

ამ საქმის მასალებს, საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ის ასევე გადაუგზავნის სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, რომელიც პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევებს სწავლობს.

უგულავამ, რომელმაც მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს აბსურდული უწოდა, საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ მის მხარდასაჭერად შეკრებილ გულშემატკივრებს განუცხადა:  „უფრო მნიშვნელოვანი თქვენი თანადგომაა, მეგობრებო, ვიდრე ის ბრალდებები“, რომლებიც, მისი თქმით, სასამართლო პროცესის მსვლელობისას „გაქრება“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button