ახალი ამბები

გამომძიებლებმა უგულავა მერიაში დაკითხეს

მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა გიგი უგულავამ უარი თქვა დედაქალაქის მერიის მიერ 5.2 მილიონი ლარის სავარაუდო გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისულიყო, მასთან მერიაში ორი გამომძიებელი მივიდა. დაკითხვა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

„საკმაოდ საქმიან და მშვიდ ვითარებაში წარიმართა დაკითხვა“, – განუცხადა გამომძიებელმა თამარ კუჭავამ ჟურნალისტებს 2 თებერვალს.

მისი თქმით, გამოძიების მსვლელობიდან გამომდინარე იგი დეტალებს ვერ გააცნობს ჟურნალისტებს.

„ყველა კითხვას უპასუხა და სამკაოდ კარგი რესპონდენტი აღმოჩნდა“, – დასძინა მან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ თბილისის მერია 5.24 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა. გამოძიების თანახმად,  მუნიციპალურ სამსახურში ასობით ფიქტიური სამუშაო ადგილი შეიქმნა, რომლის საშუალებითაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ხელფასს იღებდნენ. ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

უგულავამ, რომელიც უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, განუცხადა ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ, რომ მას არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია გამომძიებლების მიმართ, მაგრამ ზოგადად გამოძიება „ჩიხშია“ შესული, დასძინა მან.

უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შაბათს დღის 1 საათზე დაიბარეს. თუმცა, პარასკევს საღამოს თბილისის მერმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა მისვლას საგამოძიებო სამსახურში და დასძინა, რომ გამომძიებლების კითხვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უპასუხებდა, თუ ისინი შაბათს მასთან მერიაში მივიდოდნენ.

უგულავამ ასევე განუცხადა ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ, რომ თუ გამოძიებას კიდევ ექნება კითხვები, იგი მათ იგივე ფორმით უპასუხებს. მას მხედველობაში ჰქონდა გამომძიებლების მასპინძლობა მერიაში. თბილისის მერმა შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას და ამაში წვლილი ახალ მთავრობას მიუძღვის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button