ახალი ამბები

ნაფიც მსაჯულებზე საკანონმდებლო ცვლილება მიღებულია

პარლამენტმა 18 იანვარს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრალდებულ თანამდებობის პირებს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს, რომ 1 თებერვლიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს მათი საქმეები. 

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2011 წლის ბოლოს დაინერგა და ამ დრომდე სულ ასეთი სამი სასამართლო პროცესი შედგა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა აქამდე მხოლოდ იმ საქმეებით შემოიფარგლებოდა, რომლებიც დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას, ასევე უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში განზრახ მკვლელობას და გაუპატიურების ბრალდებებს ეხება.

ამ საქმეებს, მიღებული ცვლილებებით, დაემატება იმ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეებიც, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ მაღალი თანამდებობები; ასევე იმ პირთა საქმეებიც, რომლებიც ბრალდებულნი არიან თანამდებობის პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში.

პარლამენტმა საბოლოოდ კანონპროეტის შეჯერებულ ვარიანტს უყარა კენჭი, რომელიც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შეთანხმების შედეგია.

კერძოდ, თანამდებობის პირთა საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეიძლება შედგეს ბათუმშიც, თბილისთან და ქუთაისთან ერთად. ასევე კანონპროექტში აისახა დებულება, რომ ამ პროცესების აუდიო-ვიდეო გადაღება უზრუნველყოს სასამართლომ და გააშუქონ მასმედიის საშუალებებმა, რომლებსაც ასევე ექნებათ შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში გადასცენ სასამართლო სხდომები. თუმცა, მედიის მიერ ნაფიც მსაჯულთა გადაღება იკრძალება.

2007 წლიდან საქართველოს სასამართლოებში მედიას აუდიო-ვიდეო ჩაწერა ეკრძალება, თუმცა გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მოსამართლის გადაწყვეტილებით. მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს სასამართლო რეფორმის შესახებ ახალი მთავრობის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გასული წლის ბოლოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა და რომლის ფორმულირებებსაც იმეორებს პარლამენტის მიერ ნაფიც მსაჯულთა შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება.

დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, მედიასთან დაკავშირებული ნორმა ამოქმედდება 1 მარტიდან, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით ამ შეზღუდვების მოხსნას პარალელური ცვლილება სჭირდება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონშიც, რომელზეც პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას გარკვეული შენიშვნები აქვს, თუმცა მარტისთვის, სავარაუდოდ, საბოლოოდ იქნება დამტკიცებული.  

თუმცა, როგორც დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა, არსებობს „პოლიტიკური შეთანხმება“ სასამართლო ხელისუფლებასთან, რომ მოსამართლეებმა გამოიჩინონ კეთილი ნება და 1 მარტამდე თავიანთი გადაწყვეტილებებით მისცენ მედიას მოსალოდნელი გახმაურებული სასამართლო პროცესების აუდიო-ვიდეო ჩაწერის შესაძლებლობა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, კოტე კუბლაშვილთან ამ სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, „მხოლოდ დახურული სხდომა იქნება დახურული მედიისთვისაც“, განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, კანონპროექტით 1 ივნისი განისაზღვრა ბოლო ვადად იმ სასამართლოებისთვის, რომლებიც აუდიო-ვიდეო გადაღების აპარატურით არ არიან აღჭურვილი, რათა მათ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები შეიძინონ და დაამონტაჟონ სასამართლო დარბაზებში, რისთვისაც ფინანსებს  მთავრობის სარეზერვო ფონდი გამოყოფს. თუმცა იმ სასამართლოებს, რომლებსაც ამგვარი აპარატურა გააჩნიათ, აუდიო-ვიდეო გადაღების უზრუნველყოფის და შემდეგ დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის მედიისთვის, ამ მასალების მოთხოვნისთანავე მიწოდების ვალდებულება კანონის ამოქმედებისთანავე დაეკისრებათ. 

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დროს დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბეჟაშვილმა კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი, რომელიც უკავშირდება ბრალდებულის უფლებას უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.

ამჟამად სწორედ ასეთი ნორმა მოქმედებს და დამტკიცებული კანონპროექტი მას არ ცვლის, თუმცა მთავრობა გეგმავს დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც შესაძლოა ბრალდებულს არჩევანის თავისუფლება შეეზღუდოს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოყენებაზე უარის თქმაზე გადამწყვეტი სიტყვა პროკურორს მიენიჭოს. ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

18 იანვრის პარლამენტის სხდომაზე ბეჟაშვილმა იკითხა რჩებოდა თუ არა ძალაში „შეთანხმება“ იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს დარჩეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის თავისუფლება.

პარლამენტის თავმჯდომარემ მას უპასუხა: „ეს საკითხი არ ყოფილა ამ კანონპროექტის განხილვის საგანი. შესაბამისად, ეს თემა არ ყოფილა შეთანხმების საგანი და არც შეიძლება ყოფილიყო… რა იქნება ხვალ, ზეგ, სამი წლის მერე, ამის შესახებ შესაბამისად შეგვიძლია ვიმსჯელოთ“ მომავალში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button