Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული ოცნების დეპუტატი სკეპტიკურად უყურებს სააკაშვილის ინიციატივას საგადასახადო ამნისტიაზე

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან დავით ონოფრიშვილმა, რომელიც პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივამ საგადასახადო ამნისტიის შესახებ შესაძლოა „საბიუჯეტო კრიზისი“ გამოიწვიოს.

„ის, რასაც საუბრობს [პრეზიდენტი სააკაშვილი], რომ მთლიანად გათავისუფლდეს ყველა ეკონომიკური სუბიექტი და პირი იმ ჯარიმებისგან, რომელიც მას დარიცხული აქვს, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია იმიტომ, რომ სწორედ ეს იქნება ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რაც გამოიწვევს საბიუჯეტო კრიზისს იმიტომ, რომ უამრავი თანხა არ იქნება ბიუჯეტში გათვალისწინებული და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, პრეზიდენტი გამოდის ჩასაფრებულის პოზიციიდან და სთავაზობს ისეთ რამეს მთავრობას, რომელიც შემდგომში გამოიწვევს საბიუჯეტო კრიზისს“, – განუცხადა ონოფრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 18 იანვარს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 17 იანვარს, რომ მას აქვს სურვილი, რომ ახალმა მთავრობამ, ისევე როგორს მისმა მთავრობამ 2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა, საგადასახადო ამნისტია გამოაცხადოს 2013 წლამდე არსებულ დავალიანებებზე და ამასთან ერთად, არ გამოიყენოს საპატიმრო სანქციები ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.

„მე ვთავაზობ საქართველოს მთავრობას ახლაც, საგანგებო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, გამოაცხადოს სრული ეკონომიკური ამნისტია ყველა საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე“, – განაცხადა მან, „და ამის პარალელურად მოახდინოს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რომ არ იყოს საპატიმრო სანქციები გამოყენებული არც ეკონომიკური დანაშაულის და არც მითუმეტეს წინასწარ პატიმრობა“.

მიხეილ სააკაშვილმა ამ ინიციატივის მიზეზად ეკონომიკაში „არსებული საგანგაშო ტენდენციები“ დაასახელა.

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში „საბიუჯეტო კრიზისია“. მას კონკრეტული მონაცემები არ დაუსახელებია. მთავრობამ უარყო ეს განცხადებები და მათ „უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button