ახალი ამბები

საქართველომ ინტერპოლს ზურაბ ადეიშვილზე ძებნის გამოცხადების თხოვნით მიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 იანვარს განაცხადა, რომ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადების თხოვნით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 იანვარს ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და იმავდროულად, მიიღო მისი ოთხი პასპორტისთვის, მათ შორის სამი დიპლომატიური პასპორტისთვის, მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე. 

მთავარმა პროკურატურამ მას დეკემბრის ბოლოს წაუყენა ბრალი პატიმართა მიმართ 2012 წლის სექტემბერში „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის“ ორგანიზებასა და პროვოცირებაში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში.

"წითელი ცირკულარის" გამოცემა ნიშნავს, რომ ინტერპოლი ეხმარება შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ძებნილი პირის ადგილსამყოფელის დადგენაში, რათა შემდგომ მოხდეს ამ პირის დაკავება და შესაძლო ექსტრადიცია, თუმცა ინტერპოლს არ აქვს საშუალება მოთხოვოს რომელიმე ქვეყანას დააკავოს ის პირი, რომელზეც გაიცა წითელი ცირკულარი.

იმ დროისათვის, როცა იუსტიციის ყოფილ მინისტრს ბრალი წაუყენეს, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ადეიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელმაც საქართველო 2 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს დატოვა.

10 იანვარს კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button