ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველომ უნდა დაასრულოს წარსულთან ‘არასასურველი პაემანი’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას მისი წარსულში დაბრუნება. 

„მე მინდა ვისურვო წლევანდელი წლისთვის, რომ არ დავუშვათ იმ ყველაფრის ძირის გამოთხრა, რასაც ამდენი წლის განმალობაში დიდი რუდუნებით ვაშენებდით; არ დავუშვათ ის ნგრევა, რომლითაც გვემუქრებიან; არ დავუშვათ უკან დაბრუნება ქვეყნის და ეს წარსულთან დაწყებული პაემანი –  არასასურველი პაემანი – ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ დაასრულოს“, –  განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე. შობა ეს არის ახლის ზეიმი, ეს არის მომავლის დაწყება, ჩვენ აღარასდროს უნდა დაგვაბრუნონ წარსულში. ან უნდა გაგვეხსნას ეს წარსული და გაგვიშვას მომავალში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები დღეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მე ვარ რეალისტი, მაგრამ ამავე დროს მე ვარ ოპტიმისტი და მე მიმაჩნია, რომ ყველანაირ დროებით სიძნელეებს გადავლახავთ, ყველანაირ შესაძლო რისკებს საქართველო თავიდან გვერდზე გაწევს და გააგრძელებს თავის განვითარებას, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს“, – განაცხადა მან.

იმავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საშობაო წირვა-ლოცვას მშობლიურ სოფელ ჭორვილას ეკლესიაში დაესწრო, განაცხადა: „სიმბოლურად შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ახალი შემართებით ავაშენებთ ჩვენს საოცნებო საქართველოს“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button