ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილის ლობირება ‘ვერ შეაჩერებს სამართლიანობის აღდგენას’

პრეზიდენტ სააკაშვილის ლობისტური ძალისხმევა და საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები ვერ შეაჩერებს მთავრობას, რომ „სამართლიანობა აღადგინოს“ საქართველოში, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 ნოემბერს და პირობა დადო, რომ პროცესი გამჭირვალე და კანონის უზენაესობის შესაბამისი იქნება.

ბოლო დროს დასავლურ მედიაში (მათ შორისაა Washington Post, New York TimesFinancial Times; Le FigaroLiberation; და Economist) გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე საუბრისას, სადაც საქართველოს ახალი მთავრობაა გაკრიტიკებული, ძირითადად, ყოფილი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ დაკავებებთან დაკავშირებით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს სტატიები პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირების შედეგია.

მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭომ წელს, სავარაუდოდ, 16 მილიონი ლარი დახარჯა ლობისტურ ძალისხმევაზე.

„სააკაშვილი ახერხებს, რომ როგორმე გააკეთოს ლობირება და ცრუ ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„და სხვათა შორის, ჩვენ ვერ მოვახერხეთ დღემდე ბოკერიას სამსახურის ინფორმაციის გახსნა. ბიუჯეტიდან დახარჯული აქვს 16 მილიონი ლარი და ამას ადებს გრიფი საიდუმლო… ჩვენ მოვახერხებთ უახლოეს დროში ამ ინფორმაციის გახსნას და დიდი ეჭვი გვაქვს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება სწორედ ასეთი პასკვილები“, – განაცხადა მან.

„ჩვენ არ ვიმოქმედებთ არც ერთი განცხადებით და არც ერთი განცხადების მიხედვით, რომელიც კეთდება საზღვარგარეთ; ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება საქართველოში; ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოს საზოგადოება და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვაძლევს ამის საშუალებას, ასეთი სტატიები ვერ შეაჩერენ და ვერ შეაფერხებენ სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ჩვენ ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში – რაც იყო დარღვეული“, – დასძინა მან.

ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მოკავშირეების ლობისტური ძალისხმევა სამართლიანობის აღდგენის პროცესს ვერ შეაჩერებს.

„ტყუილად წვალობენ და ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს“, – განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრაზე საუბრისას, რომლის დროსაც კლინტონმა განაცხადა, რომ „ყველაფერი, რაც ხდება პოტენციურ დამნაშავეთა სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, გამჭირვალედ განხორციელდება შესაბამისი პროცედურების და კანონის უზენაესობის დაცვით“, ივანიშვილმა განაცხადა: „იგივეს ვამბობთ ჩვენ და ვაკეთებთ კიდეც“.

„ძალიან კარგი შეხვედრა იყო“, – განაცხადა ივანიშვილმა, „არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა ამ მხრივ – გამჭირვალე და გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ და ჩვენ ყველაფერს ამისთვის გავაკეთებთ, რომ ყველა გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე“. 

პრემიერ–მინისტრმა ეს განცხადებები ჟურნალისტებისთვის თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების პირებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გააკეთა. კონფერენციას პრემიერ–მინისტრთან ერთად ასევე დაესწრო აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button