ახალი ამბები

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი კვლავ დააკავეს

შსს-ის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა 29 ნოემბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ორი კვირით ადრე სასამართლომ ის ცალკე საქმესთან დაკავშირებით გირაოთი გაათავისუფლა.

გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში 3 000 ლიტრი საწვავის სავარაუდო მითვისების შესახებ პროკურატურაში გამართული დაკითხვის შემდეგ დააკავეს. 

პროკურატურამ 29 ნოემბერს განაცხადა, რომ გუნავამ "გადაამეტა უფლებამოსილებას", როცა 6750 ლარად ღირებული ბენზინის ტალონები "მიითვისა". მეორე ეპიზოდში პროკურატურა მას ასევე შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში "დიდი ოდენობის" თანხის, 49 500 ლარის მითვისებას ედავება, რომელიც გუნავამ, პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ის ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან  1 სექტემბერს მიიღო, თუმცა მის მიერ "გამოყენებული არ ყოფილა სამსახურეობრივი საჭიროებისათვის". პროკურატურის თქმით, ორივე შემთხვევაში შსს-ს "მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი".

ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებები სრულიად აბსურდულია და მის კლიენტს შესაძლოა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მითვისების ბრალდება წაუყენონ.

გუნავა, რომელიც სამეგრელოს რეგიონის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ვიდრე გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი გახდებოდა, დაახლოებით ორი კვირის წინ  იარაღისა და ნარკოტიკების შენახვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლების შემდეგ, გუნავამ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილი იყო, რადგან მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. მას შემდეგ, რაც მან პროკურატურას მიმართა მისი „უკანონო დაკავების“ გამოძიების თხოვნით, პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button