
შსს: ზუგდიდში „დიდი ოდენობით“ დაურეგისტრირებელი საბრძოლო მასალაა ამოღებული
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზუგდიდში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონულ განყოფილებაში დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიაწამალი იქნა აღმოჩენილი.
26 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტრომ აღნიშნა, რომ ზუგდიდში მდებარე შსს კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს შენობიდან ამოღებულია 4 ავტომატური ცეცხლასროლი იარაღი, 1 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 900 ცალი ტყვიის ვაზნა.
შსს–მ ასევე განაცხადა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს განყოფილების ყოფილმა უფროსმა რომა შამათავამ სხვადასხვა დასახელების საბრძოლო მასალა შესანახად მის მოადგილეს სამსახურში მიუტანა და მიუთითა, რომ სარდაფში შეენახა.
ამჟამად შამათავა პოლიციის მიერ იძებნება, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
2012 წლის მარტში კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ამჟამად თავდაცვის მინისტრია, პრეზიდენტი სააკაშვილი სამეგრელოს რეგიონში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნაში დაადანაშაულა. მაშინ ალასანია აცხადებდა, რომ ამგვარი დაჯგუფებების შექმნას მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია კურირებდა. რომა შამათავა ალასანიამ იმ პირებს შორის დაასახალა, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ამგვარი ჯგუფების ჩამოყალიბებაში; მაშინ ხელისუფლებამ უარყო ეს ბრალდებები და მათ „ბოდვა“ და „სისულელე“ უწოდა.
შსს–ს 26 ნოემბრის განცხადებიდან გამომდინარე გაურკვეველია დაურეგისტრირებელი იარაღის აღმოჩენა უკავშირდება თუ არა ალასანიას მიერ რვა თვის წინ გაჟღერებულ ბრალდებებს.
This post is also available in: English Русский