skip to content
ახალი ამბები

ბოკერია ივანიშვილს აკრიტიკებს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა და პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში გიგა ბოკერიამ პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამ ეტაპზე ის არ არის მზად „დემოკრატიის მინიმალური წითელი ხაზები“ მიიღოს, რაც „საგანგაშოა“ საქართველოს დემოკრატიისთვის. 

ბოკერია ივანიშვილის მიერ 22 ნოემბრის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს გულისხმობდა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ სინანულის გამოხატვის ნაცვლად პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა კვლავაც ცრუობს, როცა დაჟინებით აცხადებს, რომ წინა მთავრობის მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებულია, და ამით კიდევ უფრო „აღიზიანებს“ ხალხს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას, როდესაც აცხადებს, რომ დაპატიმრებული ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმარია; მისი თქმით, ამგვარი განცხადებები არის ძალადობა ადამიანის ცნობიერებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ „ზუსტად მათი ქცევა ზრდის რიგებს პროკურატურასთან“, როდესაც სარჩელები შეაქვთ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების წინააღმდეგ. ივანიშვილის თქმით, ეს რიგები არ შემცირდება იმ პირობებში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა კვლავაც აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი დაკავებები პოლიტიკური ნიშნით სხდება.  ივანიშვილმა შეახსენა ოპონენტებს, რომ „გასაღები მათ ხელშია“ და ურჩია შეცვალონ „აგრესიული, ძალადობის და სიცრუის“ რიტორიკა.

”ის, რაც დღეს ჩვენ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზე მოვისმინეთ, არის უაღრესად საგანგაშო სიგნალი ჩვენი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ ივანიშვილის საპასუხოდ მოგვიანებით იმავე დღეს, „პრაქტიკულად ძალიან გამჭვირვალედ, პირდაპირ და მკაფიოდ ითქვა შემდეგი: რომ პოლიტიკური ოპონენტების, იმ ხალხის, ვინც დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან,  დაპატიმრებები, იმ დაჭერების მოტივი, რომელთაც  ჩვენ ყველანი ვადევნებთ თვალყურს, არის არა სამართლიანობისთვის ბრძოლა, არა კონკრეტული დანაშაულის გამოძიება, რაც საჯარო გამოსვლებში ზოგჯერ გვესმოდა, არამედ პირდაპირ რომ ვთქვათ, გაღიზიანება იმ ფაქტით, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია არსებობს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ხმას იღებს, ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს“.

„პირდაპირ ითქვა, რომ ხალხს აღიზიანებს ეს რიტორიკა“, – განაცხადა ბოკერიამ და ივანიშვილის განცხადებას „კატასტროფული“ უწოდა.

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანია, ივანიშვილის განცხადებები პარტიის წინააღმდეგ შანტაჟად შეაფასა. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეცვლის თავის რიტორიკას და დასძინა, რომ თავად ივანიშვილმა უნდა შეცვალოს საკუთარი რიტორიკა.

ასევე 22 ნოემბერს პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ 1-2 კვირაში ერთხელ გრძელდება ის შეხვედრები, რომლებიც ხელისუფლების გადაცემის მიზნით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის ჯგუფს ამ შეხვედრებზე, მისი თქმით, კვლავაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

ივანიშვილმა, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილთან კიდევ ერთი შეხვედრა არ გამორიცხა, განაცხადა, რომ თანამშრომლობა უნდა მოხერხდეს „გამჭირვალედ“ და  „საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ და რაზე ვთანხმდებით“.

მისი თქმით, ამ „მუშა ჯგუფების“ ფორმატში „შეიძლება პატარა საკითხების კოორდინაცია მოხდეს“ და „არა ის, რომ იქ შევათანხმოთ კიდევ ბოკერიასთან პროკურორი ვის დაიჭერს და ვის არ დაიჭერს“.   

ამ განცხადების საპასუხოდ ბოკერიამ განაცხადა: „მინდა ძალიან მკაფიოდ განვუმარტო პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, საზოგადოებას, ეს არ არის ვინმეს პერსონალური წითელი ხაზები, ეს დემოკრატიის მინიმალური წითელი ხაზებია. იგულისხმება ის, რომ როდესაც პოლიტიკური ძალა იგებს არჩევნებს და ამ შემთხვევაში "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა, პრემიერმა ივანიშვილმა მოიგო არჩევნები და ამომრჩევლების ნებით მოდის ხელისუფლებაში, მთავრობაში, ეს წაგებული პოლიტიკური ძალის გაქრობას არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს“.

„ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური ძალა აღარ აკრიტიკებს ხელისუფლებას, ზოგჯერ მწვავედაც კი. ეს არის მინიმალური წითელი ხაზი, რომელიც,  სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსა და მის გუნდს არ ესმით და არ უნდათ მიღება“, – განაცხადა ბოკერიამ.

This post is also available in: English Русский

Back to top button