
ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა
ირაკლი ოქრუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ქართული პარტიის თანადამფუძნებელი, საქართველოში სტამბული-თბილისის რეისით ჩამოფრენისას 20 ნოემბერს დააკავეს, როგორც ძებნილი და ამჟამად ის გლდანის საპყრობილეში არის გადაყვანილი, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მასთან ერთად ასევე დააკავეს მისი ნათესავი იოსებ გიგუაშვილი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე ძებნილად იყო გამოცხადებული.
ოქრუაშვილისა და გიგუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2011 წლის ივნისში დაიწყო საქმეზე, რომელიც უკავშირდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას. მაშინ მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ბრუნდებოდა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის დასასრულებლად, თუმცა მოგვიანებით დაანონსებული გეგმები შეცვალა, რის შემდეგაც შსს-მ განაცხადა, რომ დააკავა ოქრუაშვილთან კავშირში მყოფი რვა პირი, რომელთაც 2011 წლის მაისის ბოლოს გამართული საპროტესტო აქციების დროს ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებისას მისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინათ.
ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო 20 ნოემბერს იმსჯელებს. სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, ოქრუაშვილიც დაესწრება.
გარდა ამ ეპიზოდისა, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც ქვეყანა 2007 წლის შემოდგომაზე დატოვა, 2008 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ 11–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მუხლებით. ამის შემდეგ მას საფრანგეთმა 2008 წლის აპრილში პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, იმავე წლის სექტემბერში კი საფრანგეთის სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს მის ექსტრადირებაზე.
ირაკლი ოქრუაშვილი ფიგურირებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ შექმნილ იმ პირთა სიაში, რომელთათვისაც პარლამენტი პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას აპირებს. თუმცა ოქრუაშვილმა ამჟამად მისი პატიმრობაში ყოფნის გამო შესაძლოა იმ სიაში გადაინაცვლოს, რომელშიც სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმებული პირები არიან შესული. ორივე კატეგორიის პირების მიმართ პარლამენტი გეგმავს შეიმუშაოს მექანიზმები სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის თაობაზე.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ოქრუაშვილის დაბრუნების მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ მან „დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და იპოვოს სიმართლე“.
„მე ვუერთდები იმ პოზიციას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ნაციონალური ხელისუფლების მიერ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად ყველა იმ სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მის წინაშე შეიძლება დადგეს, არის უდანაშაულო. ამას ჭირდება გამოძიება და ფაქტების დადგენა“, – განაცხადა წულუკიანმა 20 ნოემბერს პრესკონფერენციაზე ოქრუაშვილის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ.
ოქრუაშვილმა განუცხადა სააგენტო „ინტერპრესიუსს“, რომლის ჟურნალისტმაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოინახულა, რომ მან საქართველოში გამომგზავრებისას იცოდა, რომ ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ, მაგრამ მან ეს ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ სასამართლოს თავისი უდანაშაულობა დაუმტკიცოს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ არსებული ყველა ბრალდება წინა ხელისუფლების მიერ „თითიდან გამოწოვილი იყო".
This post is also available in: English Русский