ახალი ამბები

მერაბიშვილი მის მიმართ მოსალოდნელ ‘ზეწოლაზე’ საუბრობს

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივნმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობის ცხრა წლის განმავლობაში  მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის და ცოტა ხნის წინ თბილისის ვიცე-მერად დანიშნული შოთა ხიზანიშვილის დაკავება პირადად მის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

„მე მესმის და ვიცი, რომ მისი დაკავება მოხდა იმისათვის, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა იმიტომ, რომ ის არის ჩემი ძალიან უახლოეს მეგობარი, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ“, – განაცხადა მერაბიშვილმა 16 ნოემბერს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა განაცხადა: „ნუ ექნება იმედი ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი ნაბიჯებით ის რაიმე შიშს ან შეშფოთებას შემოიტანს ჩვენს რიგებში, პირიქით, ჩვენ ეს უფრო გაგვაძლიერებს“

„ჩვენ არ შეგვეშინდება ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების“, – დასძინა მერაბიშვილმა. 

შოთა ხიზანიშვილი, რომელიც მერაბიშვილმა მოიხსენია, როგორც „ყველასთვის საყვარელი“ და „ერთ-ერთ ყველაზე კეთილშობილი ადამიანი“, პროკურატურამ 15 ნოემბერს დაკავა საქმეზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური ოპონენტების უკანონო მოსმენებს უკავშირდება. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილება გადამატება ედება ბრალად.

ამასთან, შსს-ს ცნობით, დაკავებულია შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ნარკოტიკების შენახვისთვის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ვიდრე ამ ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური Civil.ge-ს დაუდასტურებდა, ამ დაკავების შესახებ ცნობა ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატებმა გაავრცელეს.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „სრულიად სასაცილოა“ გუნავას ნარკოტიკებთან დაკავშირებით დადანაშაულება, რომელიც მისი თქმით, არის „სიმბოლო სამეგრელოში ნარკოტიკების მაფიის მოსპობის“.

„მათ [ხიზანიშვილის და გუნავას] ოჯახებს მე დავუდგები გვერდში და არ დავიშურებთ ენერგიას, დროს, არცერთ რესურსს, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ და საზოგადოებას დავანახოთ რა საშიშ ტენდენციასთან გვაქვს ჩვენ საქმე“, – განაცხადა მერაბიშვილმა, რომელმაც შსს-სთან დაკავშირებული მხოლოდ ამ ორი პირის დაკავებაზე გააკეთა აქცენტი.

საქმეზე, რომელშიც ხიზანიშვილის ფიგურირებს, შსს-ის კიდევ ათი თანამშრომელია დაკავებული.

ნაციონალური მოძრაობა ახალ მთავრობას პოლიტიკურად მოტივირებულ დაჭერებში ადანაშაულებს, თუმცა ახალი ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს სამართლიანობის აღდგენის თაობაზე მისი გაცხადებული კამპანიის ნაწილია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button