ახალი ამბები

სააკაშვილისა და ივანიშვილის პირველი პოსტსაარჩევნო შეხვედრა დაიწყო



ფოტო "რუსთავი 2"–ის სატელევიზიო კადრიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ ართმევს ხელს პრეზიდენტი სააკაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 9 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში მათი შეხვედრის დაწყების წინ. 

პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლების გადაცემის თაობაზე მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ლიდერებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრაა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ.

შეხვედრის დაწყებამდე, 12:05 საათზე სააკაშვილმა და ივანიშვილმა სასახლის ეზოში ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ისინი ასევე ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ იმ სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც ამ დრომდე მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს ხელისუფლების უმტკივნეულოდ გადაბარების თაობაზე.

ამ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და თავიანთ ლიდერებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან: მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, თბილისის მერი გიგი უგულავა და მოქმედი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი; ხოლო „ქართული ოცნებიდან“: პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, შს მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია და სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ  მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button