ახალი ამბები

სააკაშვილმა არჩევნების წინა დღეს ამომრჩევლებს მიმართა

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს საქართველოს მოსახლეობისადმი ვიდეო მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ ხმის მიცემის დროს გვერდზე გადადონ ემოციები და ცივი გონებით გააკეთონ არჩევანი.    

მისი თქმით, ორშაბათის არჩევნებზე „გადაწყდება, შევინარჩუნებთ თუ არა იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც ისინი [ჩვენი წინაპრები] იბრძოდნენ და წირავდნენ თავს“.

„როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ვერც დამპყრობლის ძალის უპრეცენდენტო კონცენტრაცია ჩვენს საზღვრებთან და საზღვრებს შიგნით, ვერც საარჩევნო პროცესის ჩაშლის მავანთა გეგმები ვერ შეუშლის ხელს დემოკრატიის დიდ გამარჯვებას“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის შვიდწუთიან მიმართვაში, რომელიც მცხეთაში სვეტიცხოვლის ფონზეა ჩაწერილი.

„ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება ხვალ. ეს არის ყველა ქართველის, ყველა მოქალაქის დღე და ყველა წყვეტს ჩვენი საზოგადოების მომავლის ბედს არა მხოლოდ შემდეგი 4 წლის, არამედ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, და ეს კარგად უნდა გავიაზროთ“, – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, „ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი, ეპოქალური საკითხი წყდება: როგორი ქვეყანა გვინდა გვქონდეს, და ისიც კი, გვინდა თუ არა, რომ ქვეყანა გვქონდეს“.

„ხვალ ჩვენს მტერს აქვს ბოლო შანსი მოგვაბრუნოს ამ დამოუკიდებლობის გზიდან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ხვალ ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერი გადადგამს „საბოლოო და გადამწყვეტ ნაბიჯს“ დამპყრობლის მარწუხებისგან გათავისუფლებისკენ და ევროპულ სახლში გაწევრიანებისკენ.

„განვლილმა საარჩევნო კამპანიამ და პოლიტიკური ბრძოლის არც თუ სუფთა მეთოდებმა ძალიან დაძაბა ემოციური ფონი საზოგადოებაში. ამიტომ, მე გთხოვთ, ხვალინდელი არჩევანი გააკეთოთ არა ემოციით, არამედ მშვიდი ანალიზით, არა ცხელი გულით, არამედ ცივი გონებით“, – განაცხადა მან.

„გთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იფიქროთ იმაზე, თუ სად იყო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება 9 წლის წინ, თუ სად ვართ დღეს და სად გვინდა ვიყოთ მომავალი 4–5 წლის შემდეგ“, – განაცხადა სააკაშვილმა. „ჩვენ ვიცით, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, ყველაზე უკეთესად ვიცით. მაგრამ გვერდზე გავდოთ უცხოელების შეფასებები. ჩვენ, ყველამ ერთად, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, როგორც საზოგადოებამ, არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა დღეს, ვიდრე იყო 9 წლის წინათ?.. რომელი მთავრობა შეძლებს ყველაზე უკეთესად იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს?“

„ხვალ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა კორუფციის დაბრუნება, უნდა დავუშვათ თუ არა ჩვენს ქუჩებში კრიმინალის დაბრუნება?“ – განაცხადა მან, „ეს არჩევანი თქვენს ხელშია. ხვალინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ნუ დარჩებით სახლში. მოდით, 1 ოქტომბერი ვაქციოთ თარიღად, რომელიც ისტორიას შემორჩება დღედ, როდესაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიბრძნე, სიდინჯე, შორსმჭვრეტელობა და სამშობლოს უპირობო ერთგულება“.

„დარწმუნებული ვარ, ხვალ საღამოს ყველანი ამაყი ვიქნებით, ვიქნებით ამაყი ჩვენი დემოკრატიით, ჩვენი თავისუფლების სიყვარულით, ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი გონიერებით, იმით, რომ განსაცდელს ავარიდებთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button