ახალი ამბები

ბურჯალიანი: ‘გაკვირვებული ვართ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით’

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო „გაკვირვებულია“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სადაც გამოთქმულია „გაოცება“ ფრანგული მხარის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიწოდებული მასალების გამოქვეყნების თაობაზე.

„პირველ რიგში, მე კიდევ ერთხელ მინდა საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიას და ყველა კომპეტენტურ უწყებას საფრანგეთის მხრიდან, რომელთანაც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში აქტიური თანამშრომლობა გვქონდა, დიდი მადლობა გადავუხადო როგორც მოწოდებული ინფორმაციისთვის, ასევე გაწეული თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ბურჯალიანმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთს სტუმრობდა.

„ამავდროულად, ჩვენ გაკვირვებული ვართ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით", – განაგრძო მან, "საქმე იმაშია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთოდ დიპლომატიური სტრუქტურები საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ამ თანამშრომლობაში ჩართულები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილან". 

„თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება განხორციელდა ევროპული კონვენციის თანახმად, რომელიც არეგულირებს სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარებას, კერძოდ ამ კონვენციის მე–13 მუხლის თანახმად, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს, რომ ორი ქვეყნის კომპეტენტურ შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია და პირდაპირი თანამშრომლობა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხებოდა „ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს“, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს „არც ერთ ეტაპზე არ აუღიათ ვალდებულება საფრანგეთის შესაბამისი სტრუქტურების წინაშე  ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით“.

„ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიას და არც მოსამართლეს, რომელმაც უფლებამოსილება გასცა ინფორმაციის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ, არასდროს არც ერთ ეტაპზე, არც ერთ ოფიციალურ კომუნიკაციაში არ მოუთხოვია ქართული მხარის მხრიდან კონფიდენციალობის დაცვა“, – განაცხადა ბურჯალიანმა, „შესაბამისად, თანამშრომლობა, რომელიც განხორციელდა საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასა და საქართველოს პროკურატურას შორის სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ საკითხებში ურთიერთდახმარებას არეგულირებს“.

საქართველოს ხელისუფლებამ 25 სექტემბერს გამოაქვეყნა მასალები, რომელიც საფრანგეთის ჯანდარმერიისგან მიიღო და სადაც საუბარია 2011 წლის 9 ნოემბერს გოგა ხაინდრავას შეხვედრაზე საფრანგეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებთანაც „შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას. კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას“.

იმავე დღეს საფრანგეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ამ მასალების გამოქვეყნებას შეუძლია საქართველოში „არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button