Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილი: მათ, ვისაც ‘პუტინური წესების’ შემოტანა სურთ, იმედები გაუცრუვდებათ

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“  ხალხმრავალი აქციის შემდეგ ზუგდიდში, მეორე დღეს, 23 სექტემბერს ქალაქის იგივე ცენტრალური მოედანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებით აივსო, რომლებიც იქ პრეზიდენტ სააკაშვილის წინასაარჩევნო გამოსვლის მოსასმენად მივიდნენ.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება განზრახ დაამთხვიეს არჩევნების წინა პერიოდს, რათა ამომრჩევლებმა შოკის ქვეშ მისცენ ხმა, რაც საქართველოს წარსულში დაბრუნებას ისახავს მიზნად.  

„ეს გეგმა, მინდა გითხრათ, რომ ჩავარდა უკვე დღეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამ ხალხმა იმ უბედურების შესახებ, რაც ხდებოდა დიდი ხანია იცის. ეს არის რუსული ფული შემოსული, იგივე რუსული ფული, რომელმაც გამოგვყარა აფხაზეთიდან; სიბინძურის გარდა ამ ხალხს არაფერი არ შეუძლია; მათ შეუძლიათ კომპრომატი, სიბინძურე, დისკრედიტაცია, შანტაჟი, ნგრევა“, – განაცხადა მან, „ეს ხალხი ხარჯავს ასობით მილიონ დოლარს, რათა უთხრას მსოფლიოს, რომ საქართველო არის საზიზღარი ქვეყანა; ქირაობენ ლობისტებს, ქირაობენ ჩვენი სისტემის შიგნით გახრწნილ ელემენტებს – ყველა სისტემაში არის გახრწნილი ელემენტები“.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც მათ შორის ხელისუფლების შეცდომების გამოც გახდა შესაძლებელი.

„მათ ეგონათ, რომ ორშაბათიდან დაიწყებოდა სისტემის ჩამოშლა, დაბნეულობა, შოკი ხალხის, რაც ბუნებრივია, ხალხის გაქცევა, თანამდებობის პირების გადადგომა, არეულობები რეგიონში“, – განაცხადა მან.

„რვა დღეში, იმ ხალხს, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ უკანა კარებიდან საქართველოში შემოიყვანდა, უკან დააბრუნებდა ქურდულ წესრიგს, ორგანიზებულ დანაშაულს, პუტინურ წესებს და საქართველოს ხელახლა დააბრუნებდა წარსულში, რვა დღეში ამ ხალხს ელის ძალიან დიდი იმედგაცრუება“, – მიმართა სააკაშვილმა ათასობით მხარდამჭერს, რომლებიც სკანდირებდნენ „მიშა, მიშა“.

„მათ არ უნდათ აგვაშენებინონ ლაზიკა… მათი პროგრამა არის ნგრევის, არაშენების“, – განაცხადა მან.    

„ჩვენი პროგრამა არის აღმშენებლობის. მე ისე არ წავალ პოლიტიკიდან, რომ ლაზიკა არ იყოს ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი შავიზღვისპირეთის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

22 სექტემბერს პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მმართველი პარტიის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კამპანიის შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პატიმართა წამებასთან დაკავშირებულ სკანდალს საზოგადოების და ხელისუფლების „ადეკვატური რეაქცია“ მოყვა.

„მე მიხარია ერთი რამ, რომ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ფაქტების გამოვლენას მოყვა საზოგადოების ადეკვატური რეაქცია და მოყვა ხელისუფლების, მე მგონი, ადეკვატური რეაქცია“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

„ჩვენ შევქმენით ისეთი საზოგადოება, რომ ჩვენ აღარ შევურიგდებით საქართველოს უკან დაბრუნებას. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ შეუქცევადი რეფორმები არ არის; თუ ჩვენ შორის, შიგნითაც შეიძლება მოიძებნონ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ასეთი რამ გააკეთონ, მითუმეტეს დიდი ალბათობაა, რომ თუ ჩვენ რეფორმები არ გავაგრძელეთ და ეს რეფორმები ბოლომდე არ მივიყვანეთ… ყველაფერი შეიძლება ერთ დღეში უკან დაბრუნდეს; ის ადამიანები, ვინც იმ ციხეში აწამებდნენ ხალხს, ისინი გამოვიდნენ, დაჯდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე, გვერდზე დაუჯდებიან ის ადამიანები, ვინც მათ აფინანსებს და ტელევიზორში აჩვენებს“, – განაცხადა მან. 
 
პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ამ დღეებში თქვენ გაიგებთ, ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას“. მან ეს თემა არ განავრცო, თუმცა  პრეზიდენტმა სააკაშვილმაც განაცხადა რამდენჯერმე ბოლო დღეებში, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომელიც გარკვეული გეგმის არსებობას ადასტურებს.

„ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამშრომლობა ბევრ ჩვენ პარტნიორთან. ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს, არც თუ ისე სასიამოვნო. კარგი ის არის, რომ გვაქვს და კარგი ის არის, რომ ამას საზოგადოებას გავაცნობთ და კარგი ის არის, რომ ამას ყველაფერს აღვკვეთავთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 სექტემბერს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button