ახალი ამბები

სააკაშვილი მოუწოდებს ციხეებთან დაკავშირებული ფაქტები ‘პოლიტიკური თამაშებისთვის’ არ გამოიყენონ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე და არჩევნებამდე თერთმეტი დღით ადრე მოუწოდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილი არაადამიანური მოპყრობის შემაშფოთებელი ფაქტები არ გამოიყენონ „სხვადასხვა პოლიტიკური თამაშებისთვის“.

20 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ციხეებთან დაკავშირებული საქმე არ უნდა გახდეს საქართველოს წარსულში დაბრუნების მიზეზი. მმართველი პარტია, რომლისთვისაც პატიმართა ცემის და გაუპატიურების ვიდეო მასალების გავრცელება სერიოზული დარტყმა იყო მოახლოებული არჩევნების წინ, ხშირად უტევს მის მთავარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, კოალიცია „ქართულ ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს იმ მოტივით, რომ თუ ის ხელისუფლებაში მოვა, საქართველოს რეფორმების კურსიდან გადაახვევინებს და „წარსულში დააბრუნებს“.

„რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, ყველანაირი ადამიანური პრინციპების იქით მიდის და არ შეიძლება არ იყოს აღშფოთების და წარმოუდგენელი გაღიზიანების საგანი საზოგადოებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში რამოდენიმე საათით ადრე, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება მოუხდებოდა იმ საპროტესტო აქციების ფონზე, რაც ციხეებში წამების ფაქტებს მოჰყვა, „ასეთი გაბრაზებული და აღშფოთებული ალბათ ძალიან იშვიათად ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში“.

მისი თქმით, იმან, რასაც გლდანის ციხეში ჰქონდა ადგილი, გადაფარა ყველა მიღწევა, რომელსაც კი ბოლო წლებში ჰქონია ადგილი –  „ეს რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მარცხია“.

„ნამდვილად ყველას მივმართავ, რომ არ გამოიყენონ ეს, ადამიანების ბედი… სხვადასხვა პოლიტიკური თამაშებისთვის“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

„ჩვენ ჩვენი სახელმწიფო, ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ ჭუჭყიან წყალს – ეს არის მთავარი რაც არის ყველაფრის გაკვეთილი; იმიტომ, რომ პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან და ყველგან შეიძლება მოხდეს რაღაც საზიზღრობა, ბევრ ქვეყანაში, ჩვენზე უფრო განვითარებულში და მდიდარში, მაგრამ მთავარი ინსტინქტი საზოგადოების უნდა იყოს, რომ ქვეყანა, სახელმწიფოებრიობა წავიდეს წინ და გააგრძელოს პროგრესი და აღარასდროს დაბრუნდეს მითუმეტეს, ასეთ ბნელ წარსულში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს არის „პატარა ნაწილი იმ სურათის, რაც გვქონდა ადრე“.

„მე არ მინდა, რომ ეს პატარა ფრაგმენტი, რომელიც კიბოს უჯრედებივით იყო ჩვენს ორგანიზმში, მოედოს ხელახლა მთელ ორგანიზმს და ჩვენი ორგანიზმი გაანადგუროს, სახელმწიფო ორგანიზმი გაანადგუროს. კიბოს სჭირდება მკურნალობა და რადიკალური მკურნალობა და ჩვენ ეს ამ დღეებში განვახორციელეთ და კიდევ უფრო განვახორციელებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ის 11 საჯარო მოხელე, რომლებიც ციხეებში პატიმრების წამებისა და არაადამიანურ მოპყრობის გამო დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მესამე მხარის მითითებებით მოქმედებდნენ – მიანიშნებენ რა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე ბიძინა ივანიშვილზე; ხელისუფლება აცხადებს, რომ სამი საჯარო მოხელე ცემდა პატიმრებს და ამის გადაღებას ახდენდა მნიშვნელოვანი ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ იმისათვის, რომ ეს მაკომპრომეტირებელი მასალები არჩევნების წინ მთავრობის საწინააღმდეგოდ ყოფილიყო გამოყენებული. ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა სხვა დაკავებული ციხის თანამშრომლების მიერ იყო „სისტემური პრობლემის“ შედეგი და მათი ქმედებები არ იყო დაკავშირებული მესამე მხარესთან.

„მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამას აფინანსებდა: ხომ არ შეიძლება ყველაფერი გაიცვალოს არჩევნებზე და ხომ არ შეიძლება ყველაფერი იყოს პოლიტიკური დივიდენდებისთვის ამ ქვეყანაზე“, – განაცხადა მან.  

მან ასევე განაცხადა, რომ ეს იყო უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომელიც არ დააკონკრეტა, მაგრამ დასძინა, რომ მთავრობა ამ ინფორმაციას საზოგადოებას გაუზიარებს. ანალოგიური განცხადება გააკეთა მან წინა დღეს, როცა პროკურატურას მასალების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამშრომლობა ბევრ ჩვენ პარტნიორთან. ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს, არც თუ ისე სასიამოვნო. კარგი ის არის, რომ გვაქვს და კარგი ის არის, რომ ამას საზოგადოებას გავაცნობთ და კარგი ის არის, რომ ამას ყველაფერს აღვკვეთავთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
 
„მოდით ერთი წუთით შევყოვნდეთ და დავფიქრდეთ რა გვინდა როგორც ამის გაგრძელება: ყველაფრის ჩამოშლა, რაც გავაკეთეთ თუ გაგრძელება და წინსვლა ჩვენი საზოგადოების?“ – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button