ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა კამპანიის ფარგლებში ერთდღიან აქციებს ატარებს

ფართომასშტაბიანი ღონისძიება ზუგდიდში აქციით დაიწყო და ანალოგიური აქციებით გაგრძელდება ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურში, ახალციხეში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავში და მცხეთაში.

ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში შეკრებით დასრულდება.

სანამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით გამოვიდოდა, მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მისმა მეუღლემ, სანდრა რულოვსმა მიმართა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და განაცხადა, რომ „მიშას გუნდი“ „დღე და ღამე“ მუშაობს, რათა კიდევ უფრო გააღრმავოს ის უზარმაზარი პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში იქნა მიღწეული და მოაგვაროს ჯერ კიდევ დარჩენილი პრობლემები; მან ასევე დასძინა, რომ მმართველ პარტიას „ერთიანი ხედვა აქვს მომავლისკენ და არა წარსულისკენ“.

ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული შეტევის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია იმის მტკიცება, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის წარსულში დაბრუნებას გამოიწვევს.

ზუგდიდში ათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ის ადამიანები უპირისპირდებიან, რომლებიც ცხრა წლის წინ ვარდების რევოლუციის წინააღმდეგი იყო.       

„ჩვენი ბავშვების მომავალს აღარ გადავაბარებთ ხელში… ათასი რჯულის ქურდბაცაცებს, ბანდიტებს, სამშობლოს გამყიდველებს – სხვა სახელი მათ არ ქვიათ და დროა, რომ სიმართლე ვთქვათ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „ჩვენი მტრის ბოლო გაფართხალებაა, ბოლო გაბრძოლება, ბოლო იმედი, ბოლო რუბიკონი“.

„საქართველო … ამ რუბიკონს წარმატებით გადალახავს“, – განაცხადა მან.
 
„ჩვენ მტერს ეგონა, რომ ახლა არის მომენტი, რომ სხვანაირად მივუდგეთ: ‘რაც ვერ მოვახერხეთ ეკონომიკური ემბარგოთი, პროვოკაციებით, აფეთქებებით და შემოჭრით… და როცა ყველაფერი ჩაუვარდათ, მათ იფიქრეს, რომ იქნებ ქართველი ხალხი დაიღალა, იქნებ ამ არჩევნების შედეგად ლანგარზე მოგვართვას საკუთარი თავი და რასაც სხვა რაღაცით ვერ მივაღწიეთ, ისევ ტკბილი სიტყვით, მოსყიდვით და მოფერებით დავითრიოთ ეს ულამაზესი შენობა’. ნურას უკაცრავად. ჩვენ გვექნება თავისუფლება, ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ნატო, ჩვენ გვინდა განვითარება და უკეთესი ცხოვრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად ააშენებს საქართველოს, კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის და შავის ზღვის ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე მთავარ პორტს – ლაზიკას.

„ჩვენ ვაშენებთ ოკუპაციის ხაზზე ჩვენს ლაზიკას და ჩვენ კი არ მივალთ აფხაზებთან – რუსებს ვერ გადავახტებით თავზე – აფხაზები მოვლენ ჩვენთან ჩვენ განვითარებულ და წარმატებულ ქვეყანაში“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ის მშენებლობა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ბათუმში, ქუთაისში, თბილისში და ახლა ლაზიკაში აუცილებლად დაგვირგვინდება სოხუმში“.

„ჩვენ გზიდან ვერავინ ვერ გადაგვაგდებს, მივალთ დანიშნულების ადგილზე… ჩვენ არ გვეშინია მტრის და მისი ხრიკების“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button