skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘მაჟორიტარებით უნდა მოვიგოთ ჩვენ ეს არჩევნები’

კოალიცია „ქართული ოცნება“ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არანაკლებ 50 მაჟორიტარი დეპუტატის გაყვანას გეგმავს, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 31 აგვისტოს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

„მაჟორიტარებით უნდა მოვიგოთ ჩვენ ეს არჩევნები“, – განაცხადა მან, „ჩვენ მაჟორიტარი კანდიდატები აუცილებლად უნდა გავიყვანოთ არანაკლებ 50–სა – ეს არის ჩვენი მინიმუმი, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და ამის ალბათობა არის ძალიან დიდი; და ამითი უნდა გავიმაჯვოთ“.

საქართველოს 150–წევრიანი პარლამენტი შერეული სისტემით ირჩევა – 73 დეპუტატი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან, ხოლო 77 პარტიული სიებით მოიპოვებენ მანდატებს იმ პარტიებიდან და ბლოკებიდან, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ პროპორციული წესით ხმათა 59.18% მიიღო; თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ მთლიანობაში 150–წევრიანი პარლამენტის მანდატების 79.3% მოიპოვა იმის ხარჯზე, რომ მაშინ მოქმედი 75 ერთმანდატიანი ოლქიდან 71–ში მოიგო მაჟორიტარული არჩევნები იმ სისტემით, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი „გამარჯვებულს ყველაფერი რჩება“ პრინციპით ირჩევა (თუმცა კანდიდატმა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 30% უნდა მიიღოს).

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა კამპანიის ფარგლებში ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ ნათქვამი და მომხრეებს მოუწოდა, რომ თანაბრად დაუჭირონ მხარი როგორც მის საარჩევნო ბლოკს, ისე მაჟორიტარ კანდიდატებს.

მისი თქმით, მმართველი პარტია ზოგ შემთხვევაში „საინტერესო კანდიდატებს არჩევს“ მაჟორიტარებად, რის გამოც „ხშირად მოსახლეობა იბნევა“

„ის კაცია ამ [ხელისუფლების] იდეოლოგიის მხარდამჭერი და არ შეიძლება მას შეხედოთ განსხვავებულად“, – განუცხადა მან კაკაბეთში შეკრებილებს, რომლებსაც საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი წარუდგინა, როგორც „ყველაზე ძლიერი კანდიდატი კოალიციიდან“.

"ქართულმა ოცნებამ" ყველა ოლქში დაასახელა მაჟორიტარი კანდიდატები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button