
პუტინი „საქართველოს აგრესიის მოგერიების“ რუსული გეგმის შესახებ
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე სამხრეთ ოსეთზე თბილისის შესაძლო თავდასხმის მოგერიების გეგმა ჰქონდა მომზადებული და ამას გარდა, ამ გეგმის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის მებრძოლებს წვრთნიდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 8 აგვისტოს.
თავის სომეხ კოლეგასთან სერჟ სარგსიანთან მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პუტინს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რუსეთს სამოქმედო გეგმა „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის შემთხვევაში“.
„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ გეგმა არსებობდა და სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე“, – უპასუხა პუტინმა.
„გეგმა გენერალურმა შტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში. მე ის დავამტკიცე და შევათანხმე“, – განაცხადა მან.
„ამასთან ერთად, ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდებოდა სამხრეთ ოსეთის მებრძოლების მომზადებაც“, – განაცხადა მან. „თუმცა, გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს გარკვეულწილად უსარგებლო საქმეა, გულისხმობდნენ რა, რომ შეუძლებელია ნებისმიერი სახელმწიფოს რეგულარულ არმიასთან შეწინააღმდეგება, თუნდაც ისეთი პატარა სახელმწიფოსი, როგორიც საქართველოა. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ძალიან საჭირო გახდა, ისინი მამაცურად იცავდნენ თავიანთ სამშობლოს. და სამი დღე–ღამე, სანამ იქამდე რუსული არმია მივიდოდა, ისინი და ჩვენი სამშვიდობოები ქართული ფორმირებების შეტევას იგერიებდნენ. ამიტომ მათ თავიანთი როლი შეასრულეს. ამ გეგმის ფარგლებში ტექნიკაც იქნა მობილიზებული და ასე შემდეგ. ასე რომ, ამაში საიდუმლო არ არსებობს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე“.
კითხვა იმის თაობაზე ჰქონდა, თუ არა რუსეთს გეგმა, გენერალ იური ბალუევსკის მიერ წამოყენებული ბრალდების კონტექტში დაისვა. ბალუევსკიმ, რომელიც აგვისტოს ომამდე ორი თვით ადრე რუსეთის გენერალური შტაბის მეთაური იყო, განაცხადა, რომ დიმიტრი მედვედევი, რომელიც აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, მერყეობდა და საქართველოს შეტევაზე პასუხის გაცემას აგვიანებდა. ეს ბრალდება ბალუევსკიმ აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტურ ფილმში წარმოაყენა. ფილმი ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა. ბალუევსკის თქმით, სანამ „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისგან [პუტინისგან] პანღური არ მიიღო“, რომელიც იმ დროს პრემიერ–მინისტრი იყო, მედვედევს და მის მოკავშირეებს „რაღაცის ეშინოდათ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“. დოკუმენტური ფილმი, რომელიც მედვედევს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან დროზე არ გასცა სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება, პუტინს აქებს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაზე კონტროლის აღების გამო.
პრემიერ–მინისტრმა მედვედევმა განაცხადა 8 აგვისტოს ცხინვალში სტუმრობისას, რომ გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე „დროულად“ იქნა მიღებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)