ახალი ამბები

სააკაშვილი კეტრინ ეშტონს შეხვდა


საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და პრეზიდენტი სააკაშვილი 16 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებებს აკეთებენ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველო იმედოვნებს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირთან „უახლოეს კვირებში“ დაიწყებს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კეტრინ ეშტონთან თბილისში 16 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ, იცით, რომ ვუახლოვდებით იმას, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება ევროკავშირთან ღრმა თავისუფალ ვაჭრობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის. ჩვენ ვიცით რა პრობლემებია ევროპაში ეკონომიკური, მაგრამ ამავე დროს საქართველოსთვის პროდუქციის გასვლა ევროკავშირის ბაზარზე, ეს არის საქართველოს შემდგომი ეკონომიკური ზრდის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი. იმედი გვაქვს, რომ ამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ უახლოესი კვირების განმავლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ეშტონმა განაცხადა, რომ საქართველომ „დიდ პროგრესს“ მიაღწია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით. 

„თქვენ სავსებით მართალი ბრძანდებით და ჩვენი მოლოდინი ის არის, რომ ჩვენ შევძლებთ ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ მომდევნო რამდენიმე კვირაში და შობისთვის შევძლებთ ის პროგრესი ვაჩვენოთ, რომლისთვისაც, მე ვიცი, თქვენ ასე ბეჯითად იშრომეთ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. 

იგი მიესალმა საქართველოს იმ პოზიციის გამო, რომელიც თბილისმა რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაიკავა. „თქვენ ამაში დიდი ძალისხმევა ჩადეთ და მე გილოვაცთ იმ ფორმას, რომლითაც ეს გაკეთდა“, – განაცხადა ეშტონმა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება ქვეყნის მთავრობის „მოდერნიზაციის გეგმის“ ერთ–ერთი მთავარი პუნქტია, რომლის შესრულების ვადაც 2015 წელს იწურება. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2015 წელზე ბევრად ადრე ექნება.

მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა ევროკავშირის მიმართულებით“ მას შემდეგ, რაც 2010 წლის ივლისში ევროკავშირთან ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.  

„ჩვენ ამავე დროს ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი სარკოზი, რომელიც აქ იყო ჩვენ ხალხთან, მან დაგვიჭირა მხარი იმაში, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ მომავალში   ევროკავშირის და ნატოს წევრები… ნატოს ფორმალური კანდიდატები ჩვენ უკვე ვართ. იმიტომ, რომ ნატომ ამის შესახებ გამოაცხადა ბუქარესტის სამიტზე. ევროკავშირში ასეთი დეკლარაცია არ არის გაკეთებული, თუმცა ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ საქართველო აუცილებლად მომავალში გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მე პირველ რიგში, ყველაზე მოუთმენელი წარმომადგენელი ჩვენი ხალხის ალბათ, მე ვარ. ვსვავთ კითხვას – ‘როდის, როდის, ჩქარა შეგვიშვით ყველგან, რას გვანერვიულებთ და გვაცდევინებთ კარებთან’… მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ არის. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თვითონ პროცესიც კი, როცა სამი წლის წინ არავინ მსოფლიოში არ ლაპარაკობდა, ოთხი წლის წინ, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი  და საერთოდ ფანტაზიის სფეროდან იყო, რომ საქართველო უნდა გახდეს როდესმე ევროკავშირის წევრი ან ამ დონეზე დაახლოვდეს და ამ დონეზე განიცადოს ინტეგრაცია, როგორც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთვის, რომელსაც უკვე აქვს გამარტივებული სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ერთ–ერთი პრიორიტეტია უვიზო რეჟიმის შემოღება ევროკავშირთან.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მეტი ხალხი ბრუნდება, ვიდრე საქართველოდან მიდის. ამიტომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში სულაც არ ველოდებით, რომ ქართველები უცებ ყველანი გაიქცევიან ევროკავშირში და საქართველო დაცარიელდება, რაც მოხდა სხვათა შორის ზოგიერთ ახალ ქვეყანაში ევროკავშირის წევრის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button