
მუშების გაფიცვა პოლიციის ჩარევის შედეგად შეწყდა
ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის „ჰერკულესის“ მუშათა ნაწილის გაფიცვა მოულოდნელი შედეგით დამთავრდა ხუთშაბათს საღამოს მას შემდეგ, რაც პოლიციამ დააკავა 30 გაფიცული, რომლებიც აქციას ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავდნენ, განაცხადა საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა.
აქციის მონაწილე ყველა დაკავებული რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, განაცხადა პროფკავშირმა, რომელიც ამ გაფიცვას კოორდინაციას უწევდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პოლიცია ქარხნის ადმინისტრაციამ გამოიძახა იმ ჩივილით, რომ გაფიცულები დაპირისპირებას აღვივებდნენ თანამშრომელთა იმ ნაწილში, რომლებმაც უარი თვეს გაფიცვასთან შეერთებაზე. შსს–მ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა გაფიცვის რამდენიმე მონაწილე პოლიციაში წაიყვანეს და გააფრთხილეს, რომ მართალია მათ ჰქონდათ უფლება გაეგრძელებინათ გაფიცვა, მაგრამ ისინი არ უნდა ჩარეულიყვნენ სხვა თანამშრომლების მუშაობაში.
გაფიცვა 13 სექტემბერს დაიწყო მუშების ჯგუფის მოთხოვნით ქარხნის ადმინისტრაციის მიმართ, რომ შეექმნა „მუშაობის ელემენტარული პირობები“ და ხელახლა დაესაქმებინა რამდენიმე დათხოვნილი თანამშრომელი, რომლებიც მათი განცხადებით, მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს სამსახურებიდან, რომ პროფკავშირებთან თანამშრომლობდნენ.
გაფიცულთაგან ოთხი მუშა პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.
არმატურის მწარმოებელი ქარხნის „ჰერკულესის“ 87.5%–ს ფლობს Euroasian Ventures FZE, კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია დუბაის Jebel Ali–ის თავისუფალი ვაჭრობისა და ინდუსტრიულ ზონაში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ლითონებით, მანქანა–დანადგარებით და სხვა მსგავსი პროდუქციით ვაჭრობა.
ქარხნის დარჩენილი 12.5%–ის მესაკუთრეა კერძო პირი, პაატა ჩხენკელი, რომელიც იმავდროულად დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს Euroasian Steels–ში, შვილობილ კომპანიაში, რომლის მეშვეობითაც Euroasian Ventures FZE ამ ქარხანას ფლობს.
ქარხანაში დაახლოებით 400 ადამიანია დასაქმებული, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა. პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცვაში მონაწილეობას 150–მდე მუშა იღებდა.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაფიცულები იყვნენ დაბანაკებულები, საპატრულო მანქანების „დიდი“ ესკორტი მივიდა 15 სექტემბერს საღამოს 9 საათის შემდეგ და „ყველაზე აქტიური გაფიცულების“ ალყაში მოქცევა დაიწყო.
დოლაბერიძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ პოლიციამ თავდაპირველად 12 გაფიცული დააკავა, თუმცა მან მოგვიანებით გაიგო, რომ „20–მდე ადამიანი გზაზე სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვეს და დააკავეს“ მას შემდეგ, რაც პროფკავშირებმა „მვუწოდეთ შეკრებილებს მშვიდობიანად დაშლილიყვნენ“.
“ყველანი ღამე 3 საათისთვის გაათავისუფლეს“, – განუცხადა დოლაბერიძემ Civil.ge–ს, „გათავისუფლების შემდეგ მითხრეს, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ქონია; უბრალოდ, ხელწერილები დააწერინეს, რომ აქციაში მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ“.
პოლიციის ცნობით, გაფიცვის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მხოლოდ იმას, რომ ისინი გაფრთხილებულები იყვნენ პოლიციის მიერ, რომ არ ჩაიდენდნენ რაიმე უკანონობას გაფიცვის პერიოდში.
დოლაბერიძის თქმით, აქციის მონაწილეებს გაფიცვის დროს არაფერი უკანონო არ გაუკეთებიათ.
“გაფიცულები არავის ხელს არ უშლიდნენ“, – განაცხადა მან.
თუმცა დოლაბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ როცა ქარხნის ადმინისტრაციამ 40–მდე ადამიანი მიიყვანა გაფიცულთა ჩასანაცვლებლად, აქციის მონაწილეები „უბრალოდ ეუბნებოდნენ, რომ სხვისი სამუშაო ადგილების დაკავება არ შეიძლებოდა“.
მისი თქმით, პროფკავშირს ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს, თუ როგორ მსვლელობას მისცემს ამ პროტესტს.
საქართველოში გაფიცვები საკმაოდ იშვიათად ხდება და როგორც პროფკავშირები განმარტავენ, ამის საწინააღმდეგოდ დამსაქმებლები, რომელთაც კანონმდებლობა მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს, ეფექტურად იყენებენ მოქმედი შრომის კოდექსს.
2006 წელს მიღებული საქართველოს შრომის კოდექსი ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული კავშირების კრიტიკის სამიზნეა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, შრომითი უფლებების და შრომის საერთაშორისო სტანდარტების სფეროში საქართველო არ ასრულებს ძირითადი კონვენციით გათვალისწინებულ პირობებს.
ევროკავშირის დიპლომატის განცხადებით, ამ ხარვეზის გამოუსწორებლობა, საფრთხეს უქმნის საქართველოს უფლებას, ისარგებლოს ევროკავშირის შეღავათების (პრეფერენციების) ზოგადი სისტემით (GSP+) ევროკავშირთან ვაჭრობაში. თუმცა GSP+ სისტემას საქართველო მაინც არ იყენებს.
საქართველოში შრომით უფლებებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს ასევე შეერთებული შტატებიც. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 8 ივნისს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების განხილვისას, აშშ–ის წარმომადგენელმა ჯონ მარიზმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში შრომითი უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის გამო. მან „ძლიერი მხარდაჭერა“ გამოხატა იმ რეკომენდაციის მიმართ, რომელიც საქართველოში შრომის სახელმწიფო ინსპექციის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმების შემდეგ არანაირი მაკონტროლებელი ორგანო არ ჩამოყალიბებულა, რომელიც შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობას უზრუნველყოფდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოქმედ შრომის კოდექსს იცავენ იმ მოტივით, რომ მთავრობას ამ ეტაპზე პრიორიტეტულად მიაჩნია „კომფორტი“ შეუქმნას დამსაქმებლებს და ამ გზით მოიზიდოს ინვესტიციები.
“სანამ ჩვენ ძალიან დიდად ვართ დამოკიდებული ამ პირდაპირ ინვესტიციებზე, ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად დავიცვათ და კომფორტი შევუქმნათ დამქირავებელს – ადამიანს, რომელსაც მოაქვს ფული,“– განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ 9 ივნისს.