
flydubai თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი და flydubai–ს აღმასრულებელი დირექტორი გაით ალ გაითი დუბაიში გამართულ შეხვედრაზე. ფოტო: flydubai
დუბაის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია flydubai–მ 12 სექტემბერს განაცხადა, რომ დუბაი–თბილისი–დუბაის მიმართულებით რეისებს 4 ნოემბრიდან დაიწყებს.
ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება და ბილეთის ფასი ორი მიმართულებით 270 აშშ დოლარიდან დაიწყება.
კომპანიის განცხადებით, ფრენების დაწყებაზე ოფიციალური თანხმობა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან გიორგი კარბელაშვილისგან დუბაიში მისი ვიზიტის დროს მიიღო.
flydubai, რომელიც მისმა მესაკუთრემ, დუბაის მთავრობამ 2008 წელს დააფუძნა, ფრენებს 40–ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს, მათ შორის ბაქოსა და ერევანში.
Qatar Airways-ი ასევე აპირებდა საქართველოში ფრენების ნოემბრიდან დაწყებას, თუმცა აგვისტოში განაცხადა, რომ რეისების დაწყება 2012 წლის 1 თებერვლისთვის გადადო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)