ახალი ამბები

სააკაშვილი კვლავ ღვინის დივერსიფიცირებულ ექსპორტზე საუბრობს


პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად ჩხავერის ჯიშის ვენახში, 4 სექტემბერს. ფოტო პრეზიდენტის პრესსამსახური. 

კვირას პრეზიდენტი სააკაშვილი "აჭარის ღვინის სახლს“ ეწვია წინა დღეს კახეთის ვენახების დათვალიერების შემდეგ და კვლავაც აღნიშნა, რომ საქართველომ გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინა 2006 წელს რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ.

მან 4 სექტემბერს ქედაში სტუმრობისას განაცხადა, რომ რუსეთის ემბარგომდე საქართველო უკრაინაში მილიონ ბოთლ ღვინოს ყიდდა, მაგრამ „წელს რვა მილიონი გავა, გაისად კი – ათი“. მისი თქმით, ქართული ღვინის ექსპორტი ასევე შვიდჯერ გაიზრდება ბელარუსში და რვაჯერ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.

ერთი დღით ადრე კახეთში სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ მართალია საქართველო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას ახდენს, მაგრამ კვლავაც ბევრი რჩება გასაკეთებელი ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და აშშ–ის ბაზრების ასათვისებლად.

“საქსტატის“ ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ღვინის ექსპორტის ოდენობა კვლავაც საგრძნობლად ჩამორჩება რუსეთის ემბარგომდე არსებულ მონაცემებს. 


ექსპორტირებული ქართული ღვინის ოდენობა წლების მიხედვით. წარმოდგენილია აშშ დოლარებში. რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო 2006–ში დააწესა. წყარო: "საქსტატი".

ქართული ღვინის ექსპორტმა პიკს 2005 წელს მიაღწია, როცა შემოსავალი 81 აშშ დოლარამდე გაორმაგდა; ეს მონაცემი მომდევნო წელს 41 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა, როცა რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა; 2007 წელს ის კიდევ უფრო შემცირდა 29 მლნ აშშ დოლარამდე. მცირედი მატება დაფიქსირდა 2008 წელს 36.6 მლნ აშშ დოლარამდე; 2009 წელს 32 მლნ აშშ დოლარამდე და 2010 წელს 39.2 მლნ აშშ დოლარამდე.

2011 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინიდან შემოსავალი 27.51 მლნ აშშ დოლარია, „საქსტატის“ თანახმად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button