
მედვედევი კოკოითს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს
ედუარდ კოკოითს ხვდება სოჭში, 25 აგვისტოს. ფოტო: კრემლის ვებ–გვერდი.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს 25 აგვისტოს, რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარების სამი წლისთავის წინა დღეს, სოჭში შეხვდა.
კრემლის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის და რიგი საერთაშორისო საკითხები განიხილეს.
“ხვალ სრულდება სამი წელი რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მომენტიდან. მე თქვენ გულითადად გილოცავთ იმიტომ, რომ ეს იყო მართლაც დიდი მოვლენა სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის“, – განუცხადა მედვედევმა კოკოითს შეხვედრის დასაწყისში.
“მას შემდეგ სამი წელი გავიდა, რესპუბლიკა ვითარდება, არის მიღწევები, არის სირთულეებიც, რომლებიც ყოველთვის თან სდევს განვითარებას,“– აღნიშნა მან.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა მედვედევს იმ „არა მარტივი, დროული, ძალიან საპასუხისმგებლო და მამაცური გადაწყვეტილებისთვის“, რომელიც „ჩვენი მცირერიცხოვანი ხალხისთვის სასიცოცხლო“ იყო.
მან ხაზი გაუსვა იმ „დიდი“ ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ სეპარატისტულ რეგიონს ამ დღეებში აღმოუჩინა.
“ამდენად, ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ძალიან დინამიურად. და ამავე დროს, რაც არ უნდა მძიმე იყოს, როგორიც არ უნდა იყოს ეკონომიკური კრიზისის შედეგები, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღდგენისა და საინვესტიციო განვითარების გეგმები ძალიან ეფექტურად ხორციელდება“, – განაცხადა კოკოითმა, რომლის პიროვნებითაც, გავრცელებული ცნობებით, კრემლი რუსული დახმარების არასწორი ხარჯვის გამო იმედგაცრუებულია.
“ჩვენც ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს“, – იყო მედვედევის რეპლიკა, „მჯერა, რომ ყველა [პროექტი] იქნება რეალიზებული“.
This post is also available in: English Русский