Placeholder canvas
ახალი ამბები

ანქვაბი შამბას არჩევნების წინ პროვოკაციაში ადანაშაულებს

აფხაზეთში საარჩევნო კამპანია, რომელიც აქამდე ყოველგვარი მწვავე დებატების ან დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობდა, მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ალექსანდრე ანქვაბმა მეორე კანდიდატი, სერგეი შამბა, „პროვოკაციაში“ დაადანაშაულა, რასაც წინ უძღოდა ამ უკანასკნელის მხარდამჭერების მიერ სოხუმში ღია ცის ქვეშ თენგიზ კიტოვანთან ინტერვიუს ჩვენება, სადაც კიტოვანი ამბობს, რომ ომის დროს ანქვაბი თბილისთან თანამშრომლობდა.

ვიდეო, რომელშიც კიტოვანის ინტერვიუ იყო, ორშაბათს საღამოს სოხუმში, ფილარმონიის წინ შეკრებილ რამოდენიმე ასეულ ადამიანს უჩვენეს. 

გასულ კვირაში რუსულმა გაზეთმა „მოსკოვსკაია პრავდამ“ ამჟამად მოსკოვში მცხოვრებ კიტოვანთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის აცხადებს, რომ 90–იანი  წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ანქვაბი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ქართულ დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა.

ანქვაბს, რომელიც 80–იან წლებში საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზეთში სეპარატისტულ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. კიტოვანი იგივე ბრალდებას იმ ვიდეო ინტერვიუშიც იმეორებს რომელიც სოხუმში ღია ცის ქვეშ უჩვენეს.

მართალია, სერგეი შამბას პირადად განცხადება ანქვაბის წინააღმდეგ არ გაუკეთებია, ფილარმონიის წინ გამართულ ვიდეოჩვენებას წინ უძღოდა შამბას რამდენიმე მხარდამჭერის სიტყვით გამოსვლა, რომლის დროსაც ისინი ანქვაბს 90–იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებდნენ. ფილარმონიის წინ გამართულ შეკრებაზე, რამდენიმე ომის ვეტერანმა, რომლებიც ამჟამად შამბას კანდიდატურას უჭერენ მხარს, პროკურატურას ანქვაბის ომისდროინდელი საქმიანობის გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.     

„მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს, ნუ დაადგებიან იგივე გზას, რომელმაც 2004 წლის არჩევნებზე კინაღამ შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვია. ეს სახიფათოა ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ანქვაბმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში 15 აგვისტოს მას შემდეგ, რაც მისმა ოპონენტებმა ვიდეოჩვენება მოაწყვეს.
 
ანქვაბმა განაცხადა, რომ ცილისწამება საარჩევნო კამპანიის დროს არ წარმოადგენს სწორ გზას დემოკრატიული განვითარებისთვის.

„ის, რაც დღეს სოხუმში მოხდა, მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ანქვაბმა. „ჩვენ ვიცოდით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სერგეი შამბას შტაბი პროვოკაციას ამზადებდა“.

მისი თქმით, გასულ კვირას გამოქვეყნებული კიტოვანის ინტერვიუ და შემდეგ უკვე ვიდეოჩვენება „ერთი და იგივე ჯაჭვის რგოლებია“.

„გამაოგნებელია, რომ დღეს მოწმედ და ფაქტიურად მოკავშირედ გამოყავთ  სამხედრო დამნაშავე, აფხაზი ხალხის მკვლელი თენგიზ კიტოვანი, რომლის ხელებიც ჩემი ხალხის სისხლშია ამოსვრილი. იგი იყიდეს და დარწმუნებული ვარ, არცთუ ისე ძვირად“, – განაცხადა ანქვაბმა.

„ძალიან მაკვირვებს ჩემი ოპონენტების პოლიტიკური არაშორსმჭვრეტელობა. სამხედრო დამნაშავის ’მაკომპრომეტირებელი’ ინტერვიუს ჩვენება იმ დღეებში, როდესაც ქვეყანა ქართული აგრესიის დაწყების კიდევ ერთ წლისთავს აღნიშნავს – ეს სულ ცოტა პოლიტიკური სისულელეა“, – განაცხადა ანქვაბმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ თუ შამბამ და მისმა მხარდამჭერებმა იცოდნენ, რომ ის მოღალატე იყო, რატომ არაფერი თქვეს ამის შესახებ, როდესაც შამბა მთავრობაში მსახურობდა ანქვაბის ხელმძღვანელობის ქვეშ. ანქვაბი 2005 წლიდან 2010 წლის დასაწყისამდე სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი იყო, ხოლო შამბა იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2010 წლის თებერვალში ანქვაბი ვიცე–პრეზიდენტი გახდა, ხოლო შამბა პრემიერ–მინისტრად დაინიშნა.

სოხუმში ვიდეოჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე ანქვაბის შტაბი თავშეკავებას იჩენდა და პირადად შამბას წინააღმდეგ ბრალდებების წაყენებისგან თავს იკავებდა.

„სერგეი შამბა – ღირსეული ადამიანია და არა მგონია, რომ ამის [კიტოვანის ინტერვიუს] უკან იგი დგას. ვფიქრობ, დაუშვებელია აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევა იმ სამხედრო დამნაშავის ინტერვიუდან გამომდინარე, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციას ხელმძღვანელობდა“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ანქვაბის შტაბის წევრის, კონსტანტინ კვიცინიას სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა ვიდეოჩანაწერის ჩევენებამდე რამდენიმე საათით ადრე.

პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ ასევე დაგმო კიტოვანის ინტერვიუს ჩვენება სოხუმში და განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის შეთანხმების დარღვევაა. 27 ივლისს სამივე კანდიდატებმა „სუფთა და სამართლიანი არჩევნების“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, სადაც ისინი პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ”შავ ტექნოლოგიებს” ერთმანეთის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის დროს.

„რატომ გაჩნდა ეს ინფორმაცია სწორედ ახლა, ვადამდელი არჩევნების წინ? განცვიფრებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია სწორედ ახლა გაჩნდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი წყნარად ჩაივლის. ვფიქრობ, რომ ახლა სიტუაციის დაძაბვა არ ღირს“, – განუცხადა ხაჯიმბამ „ინტერფაქსს“. 
თბილისში ზოგიერთი ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც ომის დროს საქართველოს მთავრობაში იყვნენ გამოთქვეს ვარაუდი რომ კიტოვანის ინტერვიუს უკან მოსკოვი დგას, რითაც ის ანქვაბის კომპრომეტირებას ცდილობს. ირაკლი ბათიაშვილმა, რომელიც იმ დროს უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, განუცხადა გაზეთ „რეზონანსს“, რომ ის ბრალდება, რომ ანქვაბი თბილისთან თანამშრომლობდა „აბსურდია“.

„ანქვაბთან ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ ტყვეების დაბრუნების საკითხებში… ანქვაბი მაშინ თვითმარქვიად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი იყო“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button