ახალი ამბები

თემურ ბასილიას თქმით მან აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

თემურ ბასილიამ, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, განაცხადა, რომ აშშ-მა მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.

2010 წლის თებერვალში საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელიც ბასილიას აშშ-ში დაკავებას იუწყებოდა და რომლის მიხედვითაც ბასილიას საქართველოში დეპორტაცია უახლოეს ხანებში იგეგმებოდა.

ბასილია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში და დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აცხადებს რომ ის არასოდეს აშშ-ში და არც სხვაგან დაკავებული არ ყოფილა.

”ის ფაქტები, რომ ჩემს წინააღმდეგ ხორციელდებოდა პოლიტიკური დევნა, გაზიარებულია ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო სასამართლოს მიერ, რომელმაც 2011 წლის 26 მაისს განიხილა ჩემი საქმე და მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი,” განუცხადა ბასილიამ Civil.ge-ის იმეილის საშუალებით.

მისი თქმით პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მას წერილობითი ფორმით გადაეცა, მაგრამ დასძინა, რომ ”ეს არ არის საჯარო დოკუმენტი." 

"თუმცა, როგორც ჩემმა ამერიკელმა იურისტებმა განმიმარტეს, მე მაქვს უფლება ვისაუბრო თავად ფაქტის შესახებ  და გავაკეთო შესაბამისი განცხადება,” განაცხადა ბასილიამ.

Back to top button