ახალი ამბები

ათასობით ადამიანმა რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსზე კანონი გააპროტესტა


ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდასაჭერად მოწყობილის აქციის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, 9 ივლისს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge 

ათასობით ადამიანმა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელთმსახურების ხელმძღვანელობით, თბილისში შაბათს საღამოს საპროტესტო მსვლელობა გამართა რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ. 

ეს ბოლო წლების მანძილზე ერთ–ერთი უმსხვილესი მსვლელობა იყო საქართველოში.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ქაშუეთის ეკლესიის წინ შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ.

„ჩვენი გამოხატულება ჩვენი სურვილისა, მრწამსისა უნდა იყოს მშვიდობიანი; ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ ეკლესია, რომ აუცილებლად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, აუცილებლად გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი ჩვენს ხელისუფლებას და გვჯეროდეს, რომ ისინი შეისმენენ“, – მიმართა ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძართან შეკრებილ ადამიანებს. 

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძართან შეკრებილებს წმინდა სახარებიდან შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ვინც ითხოვს მიეცემა, ვინც ეძიებს ჰპოვებს".


მანიფესტაცია, მღვდელთმსახურების წინამძღოლობით, სამების საკათედრო ტაძრისკენ 
მიემართება, 9 ივლისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

მსვლელობაში მონაწილე რამდენიმე მღვდელთმსახური აცხადებდა, რომ ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ცვლილება ქართული ეკლესიის პოზიციის იგნორირებით იქნა მიღებული, მათი შეშფოთების მთავარ წყაროს წარმოადგენს.

9 ივლისის აქციის ბევრმა მონაწილემ საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს სიტყვები გაიმეორა და განაცხადა, რომ მიღებული ცვლილება "საშიშია“ ეკლესიისა და ქვეყნისთვის.

ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოწოდებები, რომ არ ეჩქარა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. პარლამენტმა კანონში ცვლილებები ხუთ დღეში სამი მოსმენით მიიღო, მაშინ როცა მეორე და მესამე მოსმენები ერთ დღეში, 5 ივლისს გაიმართა. კანონპროექტს იმავე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი, ხოლო 6 ივლისს იგი ძალაში შევიდა.

იმ საკანონმდებლო ცვლილების გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას აძლევს, ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული საჯარო  დაპირისპირება მოყვა ქართულ ეკლესიასა და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას შორის.


სამების საკათედრო ტაძარი, 9 ივლისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და მისმა წინამძღვარმა, ილია მეორემ ბოლო დღეების მანძილზე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ისინი რელიგიური უმცირესობებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ არ იყვნენ. თუმცა, ქართული ეკლესია საკითხზე დეტალური და ხანგრძლივი განხილვისკენ მოუწოდებდა და ასევე ითხოვდა, რომ ქართულ ეკლესიასაც მინიჭებოდა ანალოგიური სამართლებრივი სტატუსი მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ კი სომხეთში.

სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ ზოგიერთი რელიგიური უმცირესობები. ეს საკითხი ასევე დიდი ხანია ადამიანის უფლებათა დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის წყაროს წარმოადგენს.

2011 წლის აპრილში საქართველოს მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების შესახებ მიღებულ რეზოლუციაში  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადა, რომ იგი "შეშფოთებულია შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის და სამართლებრივი დაცვის ნაკლებობის გამო არსებული სარწმუნოებებისთვის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა“.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს „მიიღოს სპეციალური კანონი რელიგიის შესახებ, რომელიც შესაბამის და თანასწორ სამართლებრივ სტატუს შესთავაზებს ქვეყანაში არსებულ ყველა სარწმუნოებას“. მართლია რაიმე ცალკე კანონი არ მიუღია, მაგრამ ხელისუფლებამ ამ საკითხის მოგვარება სამოქალაქო კოდექსში ცვლილებით გადაწყვიტა, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას აძლევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button