ახალი ამბები

რუს ოფიცერს და თოთხმეტ პირს ტერორიზმის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ თხუთმეტი პირი ტერორიზმში დამნაშავედ ცნო, უმეტესობა მათგანს და ზოგიერთს დაუსწრებლად ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა თბილისში მომხდარ იმ აფეთქებებთან დაკავშირებით, რომლებიც, საქართველოს ხელისუფლების თქმით, რუსი სამხედრო ოფიცრის დაკვეთით განხორციელდა.
 
28 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში სასამართლომ განაცხადა, რომ რუსმა ოფიცერმა ევგენი ბორისოვმა, რომელიც იმ დროს აფხაზეთში მსახურობდა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მშენებარე სამხედრო ბაზაზე მომუშავე მურმან ცხადაიამ,  რომელიც "თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, შექმნეს ტერორისტული ორგანიზაცია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობის დაშინების, არეულობის გამოწვევისა და საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესის ხელყოფის მიზნით“.

სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ჯგუფმა "2009 – 2010 წლებში სამეგრელოს რეგიონში და ქალაქ თბილისში განახორციელა არა-ერთი ტერორისტული აქტი, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგები“.

ლეიბორისტული პარტიის შენობასთან 2010 წლის 28 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ქალბატონი დაიღუპა.

2011 წლის მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევგენი ბორისოვის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილი იყო. სამინისტროს თქმით, ბორისოვი 2010 წლის აგვისტოს შემდეგ აფხაზეთში არ ყოფილა და ვერ მიიღებდა მონაწილეობას საქართველოში 2010 წლის შემოდგომაზე განხორციელებულ აფეთქებებში.

ევგენი ბორისოვი  საქართველოს მხარის მოთხოვნით ინტერპოლის მიერ "ტერორიზმის“ ბრალდებით იძებნება.

მუხრან ცხადაიას, რომელიც ასევე იძებნება ქართული პოლიციის მიერ, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა დაუსწრებლად, ხოლო კიდევ ერთ პირს, მელორ ცხადაიას 30 წლიანი პატიმრობა შეეფარდა დაუსწრებლად. კიდევ ოთხ პიროვნებას, რომლებიც 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში დააპატიმრეს, თითოეულს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.   

 

This post is also available in: English Русский

Back to top button